ცხინვალის არჩევნები

ალა ჯიოევა თავს არჩეულ პრეზიდენტად აცხადებს

ცხინვალის რეგიონში დაპირისპირება გრძელდება.  ალა ჯიოევა ედუარდ კოკოითისთან მიღწეულ შეთანხმებას ბათილად აცხადებს და მისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების გადაცემას მოითხოვს.

ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, ცხინვალის ხელისუფლება არ ასრულებს შეთანხმებას, რომელსაც ხელი 9 დეკემბერს ჯიოევამ და კოკოითიმ მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, კოკოითი თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო და მანამდე გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვიც  უნდა დაეთხოვა თანამდებობებიდან. ალა ჯიოევას მომავალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლეოდა, “პრეზიდენტის” მოვალეობა კი არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრ ვადიმ ბროვცევს უნდა შეესრულებინა. შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჯიოევამ ოპოზიციის მომხრეებს დაშლისკენ მოუწოდა.

10 დეკემბერს კოკოითი გადადგა და შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები შეასრულა. თუმცა, 14 დეკემბერს მისმა ერთგულმა დეპუტატებმა კენჭი უყარეს ხუგაევისა და ბიჩენოვის გათავისუფლების საკითხს და ისინი თანამდებობებზე დატოვეს.

დაპირისპირება ალა ჯიოევას მომხრეებსა და მოქმედ რეჟიმს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ” 27 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები ბათილად გამოაცხადა. საბაბად  კი ოპოზიციონერი კანდიდატის მხრიდან დარღვევები დასახელდა. მეორე ტურში ალა ჯიოევამ პროსახელისუფლებო კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა. ბიბილოვი მოსკოვის ღია მხარდაჭერით სარგებლობდა. განმეორებითი არჩევნები მომავალი წლის 25 მარტისთვის დაინიშნა.

 

კომენტარები