პენიტენციური სისტემა

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მედპერსონალის რაოდენობა იზრდება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ დამატებით მედპერსონალის შერჩევა დაიწყო, რისი მიზანიც ყველა პატიმრისთვის პირადი ექიმის უზრუნველყოფაა.  მიმდინარე წელს სისტემის მედპერსონალის რაოდენობა 20%-ით უნდა გაიზარდოს.

 მსჯავრდებულთათვის პირადი ექიმის უზრუნველყოფა სამინისტროს 2012 წლის პრიორიტეტებშია.

„ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ რეფორმებს  პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის სერვისის სამოქალაქო სექტორის სტანდარტებთან გათანაბრების მიზნით. ამისათვის სრულყოფილად დავნერგავთ პირველად ჯანდაცვას და ყველა პატიმარს ეყოლება პირადი ექიმი. გავხსნით ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებას. მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სრული კონტროლის ქვეშ იქნება მოყვანილი;“- აცხადებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო 2012 წლის 10 პრიორიტეტის განმარტებაში.

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიშის თანახმად ( მასში გაანალიზებულია 2011 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში) მონიტორინგის პერიოდში, საქართველოში,  24.261 პატიმარს სულ 170 ექიმი ემსახურებოდა. ამდენად, 2011 წელს საქართველოში,  პენიტენციურ სისტემაში,  1 ექიმზე მოდიოდა 142 პატიმარი, დაახლოებით ამდენივე პაციენტი კი  ერთ ექთანზე.

 

კომენტარები