პენიტენციური სისტემა

ციხეში გაკეთებული ვიდეოჩანაწერის შენახვის 5-დღიანი ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა

სასჯელაღსრულების სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის ბრძანებით პენიტენციურ სისტემაში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით გადაღებული მასალის შენახვის 5-დღიანი ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა. ცვლილება 2019 წლის 1 ივლისიდან გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ამოქმედდება, ხოლო ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად - 2021 წლის 1 იანვრისთვის. პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ იუსტიციის მინისტრმა ციხეებში ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაცია შეასრულა.

"ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანების თავდაპირველი ვერსია ელექტრონული მეთვალყურეობის მასალების შენახვის 24-საათიან ვადას ითვალისწინებდა. ამავე მინისტრის 2017 წლის 20 მარტის ბრძანებით ეს ვადა 120 საათამდე (5 დღე-ღამე) გაიზარდა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საქმის „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვისას,  2018 წლის დეკემბერში ასევე დაადგინა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის არსებული 5-დღიანი ვადის გახანგრძლივების აუცილებლობა.

გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენს გონივრულად მიაჩნია ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის არანაკლებ 10 დღე-ღამემდე გაზრდა.

იუსტიციის მინისტრის მიერ ჩანაწერების შენახვის ვადა მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიცვალა" - აცხადებს პენიტენციური სამსახური და აღნიშნავს, რომ ცვლილების მიზანია, მომავალში, ჩანაწერების შენახვის ვადებთან დაკავშირებით ნებისმიერი პრობლემა გამოირიცხოს.

  • №2 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში ცვლილება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება;
  • №12 პენიტენციურ დაწესებულებაში - 2020 წლის 1 თებერვლიდან;
  • №7, №9, №17 და №19 პენიტენციურ დაწესებულებებში - 2020 წლის 1 ივლისიდან;
  • №5 და №6 პენიტენციურ დაწესებულებში - 2020 წლის 1 ოქტომბრიდან;
  • №3, №11, №14, №16 და №18 პენიტენციურ დაწესებულებებში 2021 წლის 1 იანვრიდან.

შეგახსენებთ, რომ ციხის საკნიდან გაყვანის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მერაბიშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესახევდრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მერაბიშვილის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია. 

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე პროკურატურამ გამოძიება ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. 

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.

კომენტარები