მიხაილ პროხოროვმა გადაწყვიტა მიიღოს მონაწილეობა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. ” მე მივიღე გადაწყვეტილება და ესაა ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილება ჩემი ცხოვრების მანძილზე , მე მონაწილეობას მივიღებ საპრეზიდენტო არჩევნებში.”- განაცხადა მან ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. მიხაილ პროხოროვმა განმარტა, რომ მიღებული გადაწყვეტილების გამო ”არ ეშინია” და მისი საპრეზიდენტო პროგრამა არ დაეფუძნება პოპულისტურ ლოზუნგებს.
პროხოროვმა აღნიშნა ისიც, რომ მას და მის თანამოაზრეებს წინ ელით ხელმოწერების შეგროვების და პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების ”არც თუ იოლი სამუშაო.”
მილიარდერი მიხაილ პროხოროვი აპირებდა რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილეობას პარტიიდან ”პრავოე დელო” , თუმცა, სექტემბერში შიდა პარტიული სკანდალთან დაკავშირებით მას პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა მოუხდა. მაშინ, პარტიაში მომხდარის გამო პროხოროვმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სურკოვი დაადანაშაულა .




