რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყნიდან გასული რუსეთის მოქალაქეების დევნას ითვალისწინებს "რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევებისთვის".
დამტკიცებული დოკუმენტი აკონკრეტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვალს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამართლებრივი დევნა.
მიღებული კანონპროექტით შეიცვალა იურიდიულ პირთა ქონების დაყადაღების მონაკვეთი. თუ პირი ჩაიდენს დამტკიცებულ ჩამონათვალში შეტანილ "სამართალდარღვევას", შესაძლებელი იქნება მისი ქონების დაყადაღება.
ახალი კანონის მიხედვით, შესაძლებელი ხდება მოქალაქის ქონების ადმინისტრაციული ოქმის შედგენის ეტაპზე დაყადაღება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ქონების დაყადაღების მიზანია, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ეტაპზე, პასუხისმგებლობისგან თავის არიდების თავიდან აცილება.
"ისინი, ვინც საზღვარგარეთ გაიქცნენ და იქიდან დასავლელი სპონსორების ფულით ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მოწოდებებს აკეთებენ, ამართლებენ ნაციზმს, შეურაცხყოფენ ჩვენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, უნდა ესმოდეთ, რომ ნამოქმედარზე პასუხისგება მოუწევთ. როგორც სისხლის სამართლის დანაშაულზე, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე". - თქვა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.




