რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში დაწყებული საპროტესტო აქციების ორგანიზატორების ნაწილი ვიწრო პოლიტიკური ამოცანებით ხელმძღვანელობს, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას კი სულაც არ სურს პროცესების განვითარება ფერადი რევოლუციების სცენარის მიხედვით. რუსეთის სახალხო ფრონტის საკოორდინაციო საბჭოს შეკრებაზე პუტინმა აღნიშნა: ” კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხი არ არის მომხრე სიტუაციის განვითარების ისე, როგორც ახლო წარსულში განვითარდა ყირგიზეთში და უკრაინაში. რუსეთში არავინაა ქაოსის მომხრე.”
რუსეთის პრემიერი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეფასებასაც, რომელიც მან რუსეთში დუმის არჩევნების წარმართვასთან დაკავშირებით გააკეთა და თქვა, რომ ”არჩევნები არ იყო სამართლიანი და არ იყო თავისუფალი”. პუტინის თქმით, კლინტონმა დასკვნა ნაჩქარევად გააკეთა, ისე რომ არ დაელოდა ეუთოს დასკვნას.
პუტინმა გადაწყვიტა საარჩევნო შტაბი რუსეთის სახალხო ფრონტის ბაზაზე შექმნას. შტაბის ხელმძღვანელობა მან რეჟისორ სტანისლავ გოვორუხინს შესთავაზა. პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად ”ედინაია რასიამ ” დაასახელა. მას შემდეგ რაც მმართველმა პარტიამ დუმის არჩევნებზე ვეღარ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, პუტინის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ პრემიერი არასდროს ყოფილა პირდაპირ ასოცირებული მმართველ პარტიასთან.




