
ფოტო: REUTERS
დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა როკფელერის უნივერსიტეტის კანადელი პროფესორისათვის, რალფ შტაინმანისთვის ნობელის პრემიის მინიჭების ცნობას. იგი პირველი ადამიანი აღმოჩნდა, ვისაც ნობელის პრემია სიკვდილის შემდეგ ერგო. გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე პანკრეასის კიბოთი მძიმედ დაავადებული მეცნიერი გარდაიცვალა, თუმცა სტოკჰოლმში ამის შესახებ მეორე დღეს გაიგეს. შეიძლება ითქვას, რომ ნობელის კომიტეტმა გამონაკლისი დაუშვა და ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების დროს კომიტეტის წევრებმა არ იცოდნენ მეცნიერის გარდაცვალების შესახებ, მის ხსოვნას პატივი მიაგეს და გადაწყვეტილება არ შეცვალეს.
პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში – აწ გარდაცვლილ რალფ შტაინმანს, ბრიუს ბეტლერს სან-დიეგოს ინსტიტუტიდან და ჟიულ ჰოფმანს სტრასბურგის უნივერსიტეტიდან, გადაეცათ. სამივე მეცნიერის შრომა უშუალოდ იყო დაკავშირებული იმუნოლოგიასთან – კერძოდ კი დენდრიტულ უჯრედებთან, რომლებიც ააქტიურებენ და არეგულირებენ ადაპტაციურ იმუნიტეტს. შესაბამისად, ამცირებენ ვირუსების გავლენას და გავრცელებას ადამიანის ორგანიზმში. ამ უჯრედების საშუალებით ცნობილი გახდა თუ რა კავშირშია თანდაყოლილი იმუნიტეტი ადაპტაციურ იმუნიტეტთან, რამაც სრულიად ახალი ჰორიზონტები დასახა მძიმე დაავადებებთან ბრძოლაში. თავად რალფ შტაინმანის მიერ აღმოჩენილი დენდრიტული უჯრედები კი საუკუნის აღმოჩენად დასახელდა მედიცინაში.

ფოტო: REUTERS
ფიზიკაში პრემია ამერიკელ ასტროფიზიკოსებს, პროექტ Supernova Cosmology-ის წევრებს სოლ პერლმუტერს, ბრაიან შმიდტს და ადამ რისს (ეს უკანასკნელი წარმოშობით ავსტრალიელია) გადაეცათ. მათ ფიზიკაში ბოლო ოცწლეულის ყველაზე გახმაურებული აღმოჩენა ეკუთვნით: ზეახალ ვარსკვლავებზე დაკვირვების შედეგად ასტროფიზიკოსებმა აჩვენეს, რომ ჩვენი სამყარო აჩქარებულად ფართოვდება. ისინი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ეძებდნენ და აკვირდებოდნენ ცაზე ზეახალი ვარსკვლავების წარმოქმნას, შემდეგ ზომავდნენ აფეთქების წყაროდან წამოსული სინათლის ინტენსივობას. ამის საფუძველზეც შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ აფეთქების კერა იმაზე უფრო შორს მდებარეობდა, ვიდრე ამას გამოთვლები წინასწარმეტყველებდნენ. საქმე ისაა, რომ კონკრეტული ტიპის, ზეახალი ვარსკვლავები აფეთქებისას მუდამ ერთსა და იმავე ენერგიას გამოყოფენ და, შესაბამისად, მათი მასის გათვალისწინებით პროპორციული სიჩქარით იწყებენ ჩვენგან დაშორებას.

ფოტო: REUTERS

ფოტო: REUTERS
სკეპტიკოსებმა ისიც კი დაწერეს, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ნობელის კომიტეტმა ტუმას ტრანსტრომერი ბობ დილანს და ჰარუკი მურაკამის ამჯობინა, ისაა, რომ შვედები ეშურებიან მანამ დააფასონ საკუთარი ცოცხალი კლასიკოსი, სანამ იგი ცოცხალია. ნობელის პრემია კი გარდაცვლილებს არ ენიჭებათ. ასეა თუ ისე, პრემია შვედეთში დარჩა და ამას მთელი სკანდინავია ზეიმობს.
მშვიდობაში, ნობელის პრემია, სამ ქალს შორის გაიყო. მას ლიბერიის ახლანდელი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სერლიფი, მისი თანამემამულე ლეიმა გბოუი და იემენელი საზოგადო მოღვაწე თავაქულ ქარმანი დაეუფლნენ. ამ უკანასკნელმა უკვე მოასწრო და პრემია „არაბულ გაზაფხულს” მიუძღვნა. თითოეული მათგანი ქალების უფლებებისათვის იბრძვის. ნობელის კომიტეტის თავმჯდომარის, ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით, „დემოკრატია დედამიწაზე სრულად მანამ არ მიიღწევა, სანამ ქალები მამაკაცების ტოლ უფლებებს არ მოიპოვებენ მთელ პლანეტაზე”. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ მიენიჭათ პრემია „არაბული გაზაფხულის” რევოლუციის სხვა წევრებს, იაგლანდმა განმარტა, რომ ნობელის კომიტეტს არ სურს გამოხატოს საკუთარი აზრი ამ მოვლენის მიმართ მანამ, სანამ არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესები არ დასრულდება. თუმცა მათ ამ თემას გვერდი მაინც ვერ აუარეს და ლაურეატთა სიაში – ოღონდ ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის გამორჩეულ კონტექსტში – თავაქულ ქარმანიც ჩართეს.
ნობელის პრემია ეკონომიკაში ორ ამერიკელს გადაეცა. ტომას სერჯენტი ნიუ იორკის უნივერსიტეტიდან და კრისტოფერ სიმსი პრინსტონის უნივერსიტეტიდან იმ გაწეული სამუშაოსათვის დააფასეს, რომლის საშუალებითაც გასაგები გახდა თუ როგორ ზემოქმედებს სახელისუფლებო პოლიტიკა ეკონომიკაზე. ისინი ჯილდოს – მილიონ-ნახევარ ამერიკულ დოლარს შუაზე გაიყოფენ. სერჯენტმა შექმნა მათემატიკური მოდელი, სადაც ნათლად აისახა თუ როგორ და რატომ რეაგირებს ქვეყნის ეკონომიკა, როდესაც მასში ცენტრალური ბანკი ან რომელიმე სახელმწიფო ჩინოვნიკი უხეშად ერევა. კრისტოფერ სიმსმა კი სტატისტიკური მეთოდები შეიმუშავა, რომელთა გამოყენებითაც მაკროეკონომიკური პროცესების დამზერა და ძირითადი ტენდენციების გამოვლენა უფრო იოლი და ხელმისაწვდომი გახდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სერჯენტის და სიმსის შრომების წარმოჩინება დროული იყო იმ ფინანსური კრიზისის ფონზე, რომელიც მსოფლიოში 2008 წლის შემდეგ ბობოქრობს.
ეკონომიკის პრემიის დასახელებით დასრულდა ნობელიანტების გამოვლენის ფაზა და დაიწყო მეორე, მათი დაჯილდოების ეტაპი. მიმდინარე წლის პრემიის ლაურეატებმა ნობელის ლექციის წერა დაიწყეს, რიგითი მაყურებლები პრემიების გადაცემის ცერემონიალს ელიან, ორგანიზატორებს კი კიდევ ერთხელ გაუჩნდათ განცდა, რომ მათი მუშაობის შედეგად მსოფლიო ცოტა უფრო უკეთესი გახდა.




