ნობელის პრემია

ნობელი ეკონომიკაში ქვეყნის კეთილდღეობაში ინსტიტუტების როლის კვლევისთვის 3 მეცნიერს გადაეცა

Daron Acemoglu, Simon Johnson and James Robinson. Ill. Niklas Elmehed © Nobel Prize Outreach

2024 წლის პრემია ეკონომიკის დარგში დარონ აჯემოღლუს, სიმონ ჯონსონსა და ჯეიმს რობინსონს საზოგადოებრივი "ინსტიტუტების ფორმირებისა და კეთილდღეობაზე მათი გავლენის კვლევებისთვის" გადაეცათ.

აჯემოღლუსა და რობინსონს ეკუთვნით ცნობილი წიგნი, რატომ ვერ აქცევენ წარმატებას სახელმწიფოები (Why Nations Fail). ჯონსონს ამ წიგნის წერაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მრავალი კვლევის თანაავტორია, რომლებიც მას წინ უძღვოდა.

როგორც ნობელის პრემიის კომიტეტი აღნიშნავს, აჯემოღლუს, ჯონსონისა და რობინსონის კვლევები ქვეყნის კეთილდღეობისთვის მისი საზოგადოებრივი ინსტიტუტების მნიშვნელობას აჩვენებს. ნობელიანტები განმარტავენ, თუ რატომ ვერ აღწევს წარმატებას ისეთი საზოგადოებები, სადაც არაინკლუზიური ინსტიტუტები მოქმედებს და კანონის უზენაესობის პრინციპი ირღვევა.

მაშინ, როცა ევროპელი მოსახლეობა მსოფლიოს გარშემო კოლონიებს ქმნიდა, კოლონიზებულ საზოგადოებებში ინსტიტუტები სხვადასხვანაირად შეიცვალა - ზოგი კოლონიის მმართველობა ტერიტორიიდან რესურსების ამოღებაზე იყო ორიენტირებული, ზოგი კი ადგილზე ევროპელი მიგრანტების გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის ინკლუზიურ ინსტიტუტებს ნერგავდა. მკვლევრების აზრით, სწორედ ამ უკანასკნელმა პრაქტიკამ განაპირობა, რომ ზოგი ღარიბი კოლონიები დროთა განმავლობაში გამდიდრდა.

"როგორც ლაურეატებმა აჩვენეს, ქვეყნების კეთილდღეობებს შორის სხვაობა კოლონიზაციის დროს დანერგილი ინსტიტუტებითაც შეიძლება აიხსნას. ისეთ ქვეყნებში, რომლებიც კოლონიზაციის დროს ღარიბები იყვნენ, ინკლუზიური ინსტიტუტები ინერგებოდა, რამაც დროთა განმავლობაში მოსახლეობის გამდიდრება გამოიწვია". - წერს ნობელის პრემიის კომიტეტი.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მეორე მხრივ, ისეთი ქვეყნები, რომლებშიც ექსპლუატირებაზე ორიენტირებული ინსტიტუციები დაინერგა, წარმატებას ვერ აღწევენ და უკეთესობისკენ ცვლილება უჭირთ, რადგან გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნაა საჭირო, ექსპლუატაციური ინსტიტუტები კი ხელისუფლებისთვის მოკლე ვადაში მომგებიანია.

"ქვეყნების შემოსავალს შორის უზარმაზარი სხვაობის შემცირება ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ლაურეატებმა ამის მიღწევისთვის საზოგადოებრივი ინსტიტუტების მნიშვნელობა აჩვენეს". - თქვა ეკონომიკის მეცნიერებების დარგში ნობელის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარემ, იაკობ სვენსონმა.

კომენტარები