საგარეო ვაჭრობა

თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი – საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-ივნისში

flickr.com

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 925.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 3 876.3 მლნ დოლარია (+20%), ხოლო იმპორტი - 9 049.1 მლნ დოლარი (+0.7%). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5 172.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40%-ია.

2026 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 69.8% იყო. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია - ყირგიზეთი (431.8 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (428.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (335.9 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულშია: თურქეთი (1 392.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 195.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 068.1 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.3% იყო. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 659.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 527.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 496.7 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 938 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.2 პროცენტია. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 486.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 304.3 მლნ. აშშ დოლარით (7.9 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც 2026 წლის იანვარ-ივნისში მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის იმპორტმა 1 615.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 811.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 364.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4 პროცენტი).

 

კომენტარები