გიგა ავალიანის საქმე

"არ იცოდა. თავდასხმაზე არ იყო საუბარი" - მალანია შვილისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება

მერაბ მალანია, გიგა ავალიანი

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია აცხადებს, რომ შვილისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.


"მე შეგნებულად არ ვაკეთებდი განცხადებას აქამდე, ვინაიდან მიმდინარეობდა გამოძიება მე, რა თქმა უნდა, სრულად ვითავისებ ამ პასუხისმგებლობას, რომელიც მე მაკისრია როგორც ყოფილ მაღალჩინოსანს და ყოფილ პოლიციელს, აქედან გამომდინარე ვიყავი ჩუმად, ბევრი ტალახი მესროლეს ამ პერიოდში, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც ყოფილ პოლიციელს.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩემი შვილი დააკავეს შეუტყობინებლობის მუხლით, რაც ახლა გადაკვალიფიცირდა, 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს თავდასხმაში ხელშეწყობას, მე არ ვეთანხმებოდი არც პირველს, ანუ შეუტყობინებლობას და არც ამას არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა, ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას საქართველოშიც და თუ საჭირო გახდება საზღვრებს გარეთაც, ეს იქნება ჩემი კომენტარი." - თქვა მალანიამ.

ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობდა მისი შვილი, მალანიამ უპასუხა, რომ თავდასხმაზე "არ იცოდა."

"არ იცოდა, არ იცოდა მაგრამ ურეკავდა ადამიანი, რომელიც თვალით არ უნახია, ურეკავდა და ეუბნებოდა რომ უნდოდა მის მასწავლებელთან შეხვედრა და დალაპარაკება, არანაირ თავდასხმაზე არ იყო საუბარი, იცოდა, რომ ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარს, რომელთან ერთადაც გაიზარდა, რაღაც არასათანადოდ ექცევაო, ჩემი ინფორმაციითო, აქედან გამომდინარე მინდა დაველაპარაკოვო.

უცხო ადამიანთან ესე ვინ რეკავს, წამოდი თავი გავუტეხოთ ვინმეს, ეს ხო ნონსენსია, ეს იყო მაგათ შორის კომუნიკაცია, შემდეგ არ გაყვა ჩემი შვილი, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ არაა ზოგადად ესე გაზრდილი.

ბევრმა თქვა რომ ხან ფაშისტური დაჯგუფების წევრი იყო, ხან ქუჩის ბანდის წევრი და ასე შემდეგ, ჩემი შვილი ისე გაიზარდა რომ ყოველ წუთას ვიცოდი სად არის, მე მიმყავდა სკოლაში და მე მომყავდა სკოლიდან, მერე მეცადინეობა ჰქონდა მასწავლებელთანაც მე მიმყავდა და მე მომყავდა, მაგრამ ისე აღმოჩნდა მერე, რომ მე იქ დაგეგმვაში ვიღებდი მონაწილეობას, ვინაიდან პირველში, ღამე ბავშვი მივიყვანე გაკვეთილზე და გაკვეთილიდან წამოვიყვანე." - განაცხადა მან.

დღეს, მერაბ მალანიას შვილს ბრალდება წარედგინა. გიორგი მალანია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 ივლისს დააკავეს.

პროკურატურამ მას ბრალდება შეუცვალა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარუდგინა.


ახალგაზრდა მასწავლებელს თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობას.

"დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო.

დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა" - წერდა პროკურატურა.

გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის, დ.ჩ.

ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით.  17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.

პროკურატურამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ 3 არასრულწლოვანს ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ედავებოდა ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს.

8 აპრილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვნის განაჩენი გამოცხადდა. ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი შეეფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად, მათ სასჯელის ვადა 1/4-ით შეუმცირდათ. კერძოდ, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ (არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით, მათ პატიმრობის ვადა 10 წელსა და 6 თვემდე შეუმცირდათ).

დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით კი, პატიმრობის ვადა 6 წელსა და 9 თვემდე შეუმცირდა. მოგვიანებით, 2 ივნისს, დემეტრე ჩიქოვანი მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამაც ცნო დამნაშავედ - გიგა ავალიანის  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისთვის. მას მაქსიმალური სასჯელი, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა კოდექსით, ჩიქოვანი ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს.

რაც შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ანა ნასყიდაშვილს, მას სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვანთა კოდექსით, ის ციხეში 5 წელსა და 3 თვეს გაატარებს.

გიგა ავალიანის საქმესა და გამოყოფილ საქმეებზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს ცრუ ჩვენებისთვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - ის ციხეში 3 წელს გაატარებს.

ამასთან, ავალიანის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე კიდევ ორი პირია დაკავებული და ელოდება განაჩენს. დემეტრე კასრაძეს და ირაკლი სულაბერიძეს ძალადობით ჯგუფურ მოქმედებას ედავებიან.

კომენტარები