გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული 2 არასრულწლოვნის განაჩენი გამოცხადდა. ანა ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დამნაშავედ რამდენიმე დღის ცნო, თუმცა, სასჯელის განსაზღვრის სხდომა დღეს, 2 ივნისს გაიმართა.
ორივე არასრულწლოვანს წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი შეეფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად, მათ სასჯელის ვადა 1/4-ით შეუმცირდათ.
კერძოდ, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სწორედ 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ჩიქოვანს, თუმცა, არასრულწლოვანთა კოდექსით, ის ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს. მას ე.წ დიდი დიღმის ეპიზოდზე უკვე მისჯილი აქვს 6 წელი და 9 თვე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის.
რაც შეეხება ანა ნასყიდაშვილს, მას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამდენივე მიუსაჯა ნასყიდაშვილს მოსამართლემ, არასრულწლოვანთა კოდექსით, მსჯავრდებული ციხეში 5 წელსა და 3 თვეს გაატარებს.
ახალგაზრდა მასწავლებელს თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ალექსანდრე გაბაშვილს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გიორგი რიკაძეს - დანაშაულის შეუტყობინებლობას.
"დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო.
დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა" - წერდა პროკურატურა.
გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს - დემეტრე ჩიქოვანი და ანა ნასყიდაშვილი.
ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით. 17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.
პროკურატურამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ 3 არასრულწლოვანს - ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ედავებოდა ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს.
4 მარტს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ექსპერტების თქმით, გიგა ავალიანს დაზიანება მიყენებული ჰქონდა წინ, მარჯვენა შუბლის მიდამოში.
16 მარტს, პროკურორმა განაცხადა, რომ ავალიანის საქმეზე მაღალჩინოსნის მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია გამოიკითხა.
27 მარტს ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე კიდევ ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის საქმეზე განაჩენი აპრილში გამოცხადდა.
გიგა ავალიანის ოჯახი კიდევ რამდენიმე პირის დაკავებას ითხოვს.




