პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
"რაც შეეხება მტკიცებულებებს, წარმოდგენილია ვიდეოკამერის ჩანაწერები, მოგეხსენებათ რომ ამ ვიდეოკამერის ჩანაწერებში ფიგურირებენ უკვე მსჯავდებულები, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე და მათთან ერთად ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას იღებდნენ ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, ვიდეოჩანაწერების გარდა, წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები და შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ქმნის იმ სტანდარტს, რომ აღნიშნული პირები საბოლოოდ ცნობილ იქნებიან დამნაშავედ.
[...] საუბარია დანაშაულებრივ ორ ეპიზოდზე, ერთი არის 2025 წლის თებერვლის და მეორეა ივლისის." - ამბობს პროკურორი ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, პროკურატურის 28 მაისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებული ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე 27 მაისს დააკავეს.
10 თებერვალს, პროკურატურის ბრიფინგზე გიგა ავალიანის საქმეზე გამოძიების მიერ გამოვლენილი ახალი გარემოებების შესახებ განაცხადეს. უწყების მიხედვით, მოკლული მასწავლებლის საქმეზე ბრალდებული სამი პირი, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სხვა დანაშაულებრივ ფაქტებშიც ფიგურირებენ, რის გამოც მათ ბრალი დაუმძიმდათ.
8 აპრილს, ავალიანის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვნის განაჩენი გამოცხადდა. ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ 5 აპრილს ცნო, თუმცა, სასჯელის განსაზღვრის სხდომა დღეს, 8 აპრილს გაიმართა.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სამივე არასრულწლოვანი მათთვის ბრალად წარდგენილ სამივე მუხლში ცნო დამნაშავედ. პროკურატურა არასრულწლოვნებს ედავებოდა: ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას.




