არასამთავრობო ორგანიზაციები

სტრასბურგმა 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო – ISFED

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, 2026 წლის 25 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის - "სოციალური სამართლიანობის ცენტრის", "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" და "საფარის" საბანკო ანგარიშების დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო.

აღნიშნულმა ორგანიზაციებმა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბერს მიმართეს. 

"აღნიშნულ სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე. 

საქმის არსებითი განხილვის ამ რეჟიმში დაწყება მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვას, ადამიანის უფლებადაცვითი საქმიანობის კრიმინალიზებასა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების დევნას, დაექვემდებარება საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას და ვერ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე". - წერს ISFED.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.

კომენტარები