წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 20-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციები წერენ, რომ სისტემური წამების პრობლემა განსაკუთრებით აშკარა გახდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ არასათანადო მოპყრობა ხშირი იყო 2024 წლის გაზაფხულზეც, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას.
"ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, უკვე წლებია, სახელმწიფო წამებასა და არასათანადო მოპყრობას პოლიტიკურ იარაღად იყენებს; მიზანმიმართულად ქმნის წამების წამახალისებელ გარემოს; უზრუნველყოფს დამნაშავეთა დაუსჯელობასა და უგულებელყოფს საერთაშორისო მექანიზმებისა თუ ადგილობრივი უფლებადამცველების მოწოდებებს წამების პრევენციის, აღკვეთისა და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შესახებ.
სახელმწიფო არაეფექტიანი გამოძიებით, მათ შორის, დამნაშავეთა დაუსჯელობითა და დანაშაულთა არასათანადო კვალიფიკაციით, წამების ნორმალიზებას ახდენს. ამასთან, წლებია, სახელმწიფო უარს ამბობს წამების პრევენციისთვის საჭირო ზომების მიღებაზე: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოწოდებების მიუხედვად, პოლიციელებს სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულება დღემდე არ აქვთ, ხოლო საპოლიციო ღონისძიებებში მონაწილე პოლიციელები დღემდე არ არიან აღჭურვილი ამომცნობი ნიშნებით.
გარდა ამისა, საპოლიციო ძალადობის გამოძიებისთვის შექმნილი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნაცვლად, სახელმწიფომ ეს სამსახური 2025 წელს საერთოდ გააუქმა, რითაც ფორმალურადაც უარი თქვა წამების გამოძიების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. ". - წერენ ორგანიზაციები.
NGO-ების განცხადებით, საქართველოში წამება და არასათანადო მოპყრობა სისტემური და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რომელსაც, მათივე განცხადებით, სახელმწიფო ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პროცესში აქტიურად იყენებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ, რომ საქართველოში წამებასთან და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა კომპლექსურ მიდგომასა და სისტემურ ცვლილებებს საჭიროებს:
- უნდა ჩატარდეს დროული, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის გაზაფხულის აქციების დარბევების დროს არასათანადო მოპყრობასა და 2024 წლის ნოემბრ-დეკემბრის სისტემურ წამებასთან დაკავშირებით, მოძალადე პირებისა და ბრძანების გამცემი პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით;
- უნდა ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების სავარაუდო წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით;
- დროულად უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა სავარაუდო მოძალადე პოლიციელებზე, ბრძანების გამცემ ხელმძღვანელებსა და სხვა პასუხისმგებელ პირებზე. სისხლისსამართლებრივი დევნის განმავლობაში მათ უნდა შეუჩერდეთ სამსახურებრივი უფლებამოსილება;
- მართლმსაჯულების ორგანოებმა უარი უნდა თქვან იმ პრაქტიკაზე, როდესაც პოლიციის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა, ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებისა (1441 და 1443 მუხლები - წამება და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), კვალიფიცირდება, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსლების გადამეტება (სისლხის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი);
- წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირებს არასათანადო რეგირებისთვის უნდა დაეკისროთ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა;
- პროკურატურამ სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებზე დაზარალებულთა პოზიციები საჯარო დევნის ინტერესის შესაბამისად უნდა შეაფასოს. დაზარალებულის მიერ ბრალდებულთა მიმართ პრეტენზიის არქონის შესახებ განცხადება სახელმწიფოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, სრულად შეაფასოს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება და ასე მიიღოს ბრალდებულთა მიმართ საპროცესო შეღავათების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება;
- საკანონმდებლო დონეზე უნდა გაიწეროს პოლიციის მიერ სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულება;
- პოლიციელთა უნიფორმები უნდა აღიჭურვოს მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით, განსაკუთრებით, როდესაც პოლიციის ეკიპირება ან უნიფორიმა არ იძლევა მისი იდენტიფიცირების საშუალებას;
- უნდა აიკრძალოს დაკავებულთა პირადი ჩხრეკის/დათვალიერებისას მათი სრული გაშიშვლების დამამცირებელი პრაქტიკა. ასეთი ჩხრეკა უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალური რისკის შეფასებას, დაექვემდებაროს მკაცრ ზედამხედველობასა და წინასწარ დადგენილ სტანდარტებს. როდესაც არსებობს პირადი ჩხრეკის გაშიშვლების ფორმით ჩატარების აუცილებლობა, დაკავებულს არ უნდა მოეთხოვოს ერთდროულად ყველა ტანსაცმლის გახდა;
- მკაფიოდ უნდა აიკრძალოს წყლის ჭავლში ქიმიური გამღიზიანებლების შერევა. დროულად უნდა მოხდეს 2024 წელს საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ქიმიური საშუალებების უკანონო, არაპროპორციული და ექსპერიმენტული გამოყენების გამოძიება;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მკაფიოდ უნდა მოწესრიგდეს აქციის დაშლისას კინეტიკური საშუალებების გამოყენების წესები;
- წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა მხარდაჭერა, მათი რებილიტაცია და მათ მიერ მიღებული ზიანის ანაზღაურება უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ამისთვის, ასევე უნდა შეწყდეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ მიმართული ღონისძიებები". - წერენ ორგანიზაციები.
განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
- საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- საფარი
- საქართველოს მომავლის აკადემია
- თბილისი პრაიდი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- მწვანე ალტერნატივა
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- უფლებები საქართველო
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)





