პოლიციელების მხრიდან ძალადობა

მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, ერთ-ერთს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა – შსს გორზე

ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილე, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქცირებული ალექსანდრე დარახველიძე კომენტარს ავრცელებს გორში, კომბინატის დასახლებაში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაზე. დარახველიძე მომხდარს "სამწუხარო ინციდენტს" უწოდებს და ამბობს, რომ სამინისტრო "ნებისმიერი სახით ძალადობას გმობს".

მისივე განმარტებით, პოლიციელებმა მოქალაქე საპოლიციო პრევენციული ღონისძიების ფარგლებში გააჩერეს, პაპუნა ლოცულაშვილმა უარი თქვა მისი მონაცემების გადამოწმებაზე, "გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე". 

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ქალაქ გორში მომხდარ სამწუხარო ინციდენტს, რომლის დროსაც საპოლიციო პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, რის გამოც დაშავდა მოქალაქე. სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია სამინისტროს მოქმედი 6 თანამშრომელი. უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო პრევენციული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შეჩერებულ იქნა მოქალაქე. იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას გადამოწმებულიყო მისი მონაცემები, რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე. კერძოდ, ბლაგვი საგნით - ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა. აღნიშნული პოლიციელი ინტენსიურ რეჟიმში გადის მკურნალობას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული საქმეც საგამოძიებო ქვემდებარეობით გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ორივე საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ დადგინდეს თითოეული ფაქტობრივი გარემოება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში.

სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს სრულ მზაობას, ინტენსიურ რეჟიმში ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან. ნებისმიერი სახის ძალადობა, სადაც კი იკვეთება, როგორც თანამშრომლების მხრიდან, ასევე, სხვა პირთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, სამინისტროს მხრიდან გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე" - ამბობს დარახველიძე.

ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.

პროკურატურის განცხადებით, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

28 მაისს, პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმის ფარგლებში 6 პოლიციელი დააკავეს. 

კომენტარები