პოლიციელების მხრიდან ძალადობა

ენმ: ლოცულაშვილის წინააღმდეგ საქმე შეწყდეს, პოლიციელების მიმართ კი წამების მუხლით დაიწყოს

ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, რომ პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდეს, დაკავებული სამართალდამცველების მიმართ კი გამოძიება წამების მუხლით დაიწყოს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენ მოვითხოვთ, რომ ადამიანი, რომელიც არის ნაწამები, ბრალეულობისგან გათავისუფლდეს და მის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდეს. ცინიზმი და ბოროტებაა, რომ კაცის წამების ვიდეომტკიცებულება არსებობს და მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. 

ასევე, ჩვენ ვნახეთ წამება და არა უფლებამოსილების გადამეტება, ამიტომ, დაუყონებლივ აღიძრას საქმე წამების მუხლით". - თქვა ფავლენიშვილმა შსს-სთან გამართულ ბრიფინგზე.

ფავლენიშვილმა ასევე თქვა, რომ საჭიროა, თანამდებობები დატოვონ ივანიშვილის შს მინისტრმა და მისმა მოადგილემ.

"რომ არა თავისუფალი მედიის წარმომადგენლების სამოქალაქო გამბედაობა, არ იქნებოდა იმის ვიდეომტკიცებულება, თუ როგორ აწამეს 2 მოქალაქე [...] ეს სისტემური წამების კიდევ ერთი ეპიზოდია, რაც აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ყველა ქალაქში, დაბასა თუ ქუჩაზე სისტემური წამების საფრთხის ქვეშ არიან. პირველ რიგში, ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ შსს-ს ხელმძღვანელობენ სულხან თამაზაშვილი და ალექსანდრე დარახველიძე, რომლებიც სისტემური წამების გამო სანქცირებულები არიან - მათ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან [...]

იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს გორის შემთხვევა, აღარ განმეორდეს ის, რაც მოუვიდათ გურამ როგავას, მაკა ჩიხლაძეს, ლევან ხაბეიშვილს და ა.შ. ამისთვის საჭიროა, ეს ხალხი სისტემიდან დაუყონებლივ წავიდეს. ეს ხელისუფლება დე ფაქტოა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხალხი სისტემური წამების შემოქმედი და აღმსრულებელია". - ამბობს ფავლენიშვილი.

ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.

28 მაისს, პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმის ფარგლებში 6 პოლიციელი დააკავეს

 

კომენტარები