გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემისთვის დაკავებული ერთ-ერთი პოლიციელის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმის მასალებიდან მისი ბრალეულობა არ იკვეთება:
"საქმის მასალების გაცნობის შედეგად, დადგენილია, რომ ის თავს არ ცნობს დამნაშავედ. კადრებში ფიგურირება არ ნიშნავს იმ ბრალდების დადასტურებას, რომელიც მას ბრალად ედება. მას ბრალად ედება ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება, თუმცა იმ კადრებით, რაც გავრცელდა საინფორმაციო საშუალებებით ამ ადამიანის მხრიდან, რაიმე ძალადობრივი ან უკანონო მოქმედება არ იკვეთება. [...]
მე კატეგორიულად გეუბნებით, რომ ეს ადამიანი ოფიციალური გამოძახების საფუძველზე მივიდა შემთხვევის ადგილას და იმყოფებოდა იქ. შეტყობინება იყო შესული და საპატრულო პოლიციის ყველა თანამშრომელი ვალდებულია რეაგირება მოახდინოს. მას ბრალში მითითებული აქვს, რომ ძალადობით გადაამეტა უფლებამოსილებას, თუმცა ეს მტკიცებულებები არ არის, ამაშია საქმე". - განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.
მისივე თქმით, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ იყოს გამოყენებული, ან ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებენ.
ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.
- გამოძიება ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო – POG გორზე
- მე და ჩემს ძმაკაცს მაგრად გვცემეს - მოქალაქე ჰყვება, რა მოხდა გორში პოლიციელებთან
28 მაისს, პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმის ფარგლებში 6 პოლიციელი დააკავეს.





