პოლიციელების მხრიდან ძალადობა

პაპუნამ გონება 2-ჯერ დაკარგა, გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა - ადვოკატი

ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ლოცულაშვილი ამ დრომდე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება.

"გუშინ ღამით პაპუნამ სახლში გონება 2-ჯერ დაკარგა, გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, რის შემდეგაც ოჯახმა სასწრაფო გამოიძახა და ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დრომდე, ის ნევროლოგიურ განყოფილებაში რჩება, აქვს თავისა და სხვადასხვა ორგანოს მწვავე ტკივილები. მაჯაც დაზიანებული აქვს". - თქვა ტყეშელაძემ.

კომენტარი ასევე გააკეთა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, მანანა ლობჟანიძემ.

"ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა. ჩვენთან კვლევები უტარდება და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, პაციენტი მოთავსდება სტაციონარში თუ ბინაზე გაეწერება. ამ ეტაპზე, ტომოგრაფიით ტვინის შერყევა არ დადასტურებულა". - ამბობს ექიმი.

პაპუნა ლოცულაშვილი სახლიდან კლინიკაში 29 მაისს, ღამით გადაიყვანეს. იქამდე, ის კლინიკა ვივამედშიც იმყოფებოდა.

ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.

28 მაისს, პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმის ფარგლებში 6 პოლიციელი დააკავეს

კომენტარები