პოლიციელების მხრიდან ძალადობა

გორში ნაწამები ადამიანი გაათავისუფლეს, გადაჰყავთ ექსპერტიზაზე - ადვოკატი

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილი, პირი, რომელზედაც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, ამ ეტაპზე გაათავისუფლეს და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. ადვოკატის თქმით, ძალადობა სამჯერ სხვადასხვა ადგილას მოხდა.

"ამ მომენტისთვის, ნაწამები ადამიანი გაათავისუფლეს, გადაჰყავთ ექსპერტიზაზე, რომ შემოწმდეს, მას აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. პირველ რიგში, მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ მე მქონდა შესაძლებლობა მას გავსაუბრებოდი და სამ ეტაპად მოხდა მასზე ძალადობა. ჩემი რწმენით, რაც კადრებში ჩანდა, უფრო მეტად გამყარდა, რომ აღნიშნული მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს და [საქმის წარმოება] უნდა დაიწყოს წამების მუხლით და ყველა ის მოძალადე, რომელმაც იძალადა მოქალაქეზე, რომელიც ბანკში მუშაობს, პატიოსანი ადამიანი გამოსული იყო და პოლიციელები ასე მივარდნენ და იძალადეს მასზე და აწამეს. [...] ჩემთვის როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე გათავისუფლებულია დაკავებიდან, ოღონდ ეს სიტყვიერად მითხრეს და გადაიყვანეს ექსპერტიზაზე. [...] მრავლობითი დაზიანებები აქვს, ხილულია, აღენიშნება სახეზე, ტანზე, კიდურებზე". - განაცხადა ტყეშელაძემ. 

მანამდე ტყეშელაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს.

ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.

პროკურატურის განცხადებით, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები