ოპოზიციის ალიანსის განცხადებით, გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობა ქართული ოცნებების ძალადობრივი სისტემის დანაშაულია.
ალიანსის შეფასებით, ივანიშვილის რეჟიმი შეზრდილია ორგანიზებულ კრიმინალთან, მათ პოლიცია უდანაშაულო ადამიანებზე ზეწოლის იარაღად აქციეს.
"გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია.
ივანიშვილის რუსული, კრიმინალური რეჟიმი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათ, ვინც ყოველდღიურად ქუჩის პროტესტშია, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა.
წლების განმავლობაში, რუსული რეჟიმი სისტემურად ძალადობს საქართველოს მოქალაქეზე, აწამებს, წამლავს, უკანონოდ აპატიმრებს, ატერორებს ადამიანებს, რასაც ქართველი ხალხი ურყევ წინააღმდეგობას უპირისპირებს.
ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, ისევე როგორც სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, თავად არიან მხილებული ადამიანების სისტემურ წამებაში, რის გამოც ისინი საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან. ივანიშვილმა საქართველოს პოლიცია მისი კრიმინალური საქმიანობისა და უდანაშაულო ადამიანებზე ზეწოლის იარაღად აქცია, რისთვისაც გააუქმა პოლიციაში სამსახურის დაწყების ყველა გონივრული წინაპირობა.
ივანიშვილის რუსული სისტემა შეზრდილია ორგანიზებულ კრიმინალთან და ნაცვლად დამნაშავეობასთან ბრძოლისა მუდმივად ზრდის ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემისგან მომდინარე საფრთხეებს ჩვენი მოქალაქეებისთვის.
საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ღირსეული, მშვიდობიანი და დაცული გარემოს შექმნის ერთადერთი გზა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა და დაბალანსებული, მოქალაქის ინტერესებზე ორიენტირებული მმართველობის დამკვიდრებაა.
ამისთვის ბრძოლას არ შევაჩერებთ სანამ რეჟიმი არ დამარცხდება და ძალადობაში დამნაშავე თითოეული პირი არ აგებს პასუხს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე". - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.
ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.
პროკურატურის განცხადებით, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.




