ძალადობა

მოვიწოდებთ პროკურატურას, უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება – ომბუდსმენი გორზე

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს გორში, კომბინატის დასახლებაში გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობასთან დაკავშირებით და პროკურატურას საქმის ობიექტური და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

აპარატის განცხადებით, ომბუდსმენი საქმეს მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს. 

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება, საჯარო წყაროებით გავრცელებულ შემაშფოთებელ კადრებს სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე და გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

საქართველოს პროკურატურის საჯარო განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა პასუხისმგებელი პირი.

სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს გაუწევს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას" . - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.

კომენტარები