ევროკავშირი-აშშ

ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ აშშ-სთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Evan Vucci / Associated Press

20 მაისს ევროპარლამენტის კანონმდებლებმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა აშშ-სთან თითქმის ერთი წლის წინ დადებული სავაჭრო ხელშეკრულების დამტკიცებისთვის საჭირო შეთანხმებას მიაღწიეს. აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბლოკის წინააღმდეგ ახალი ტარიფების დაწესებით იმუქრებოდა, თუ ეს 4 ივლისამდე არ განხორციელდებოდა.

27-წევრიანმა ბლოკმა გასული წლის ივლისში ვაშინგტონთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც აშშ-მ ევროპული საქონლის უმეტესობაზე 15%-იანი ტარიფი დააწესა, თუმცა ტრამპის უკმაყოფილების მიუხედავად, ევროკავშირს ჯერ კიდევ არ ჰქონდა შესრულებული დაპირება, საპასუხოდ გაეუქმებინა გადასახადები აშშ-დან იმპორტირებული საქონლის უმეტესობაზე.

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მალე შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებას" - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტსა და წევრი ქვეყნების შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. "[ახლა] ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ სტაბილური, პროგნოზირებადი, დაბალანსებული და ორმხრივად სასარგებლო ტრანსატლანტიკური ვაჭრობა" - დაწერა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ მედიაში.

ევროკავშირის შეთანხმება ბლოკს საშუალებას აძლევს, ტრამპის მიერ დაწესებულ ვადაში აამოქმედოს ხელშეკრულება რატიფიკაციის გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპი ევროკავშირს დაემუქრა, რომ მას
"ბევრად უფრო მაღალი" ტარიფები ელოდა, და პირობა დადო, რომ ევროპულ ავტომობილებსა და სატვირთოებზე გადასახადს 15%-დან 25%-მდე გაზრდიდა.

კომენტარები