ევროკავშირი-აშშ

მაკრონის თქმით, აშშ-სთან მოლაპარაკებებში "ევროპის საკმარისად არ ეშინოდათ" – მედია

მედიაში ფრანგ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ვრცელდება ევროკავშირსა და აშშ-ს შორის 27 ივლისს ტარიფებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარები. მაღალჩინოსნების თანახმად, მაკრონმა შეთანხმებით უკმაყოფილება გამოხატა და თქვა, რომ “ეს დასასრული არ არის”. მისივე თქმით, ევროპის “საკმარისად არ ეშინოდათ” და საფრანგეთს კვლავ “მტკიცე და მომთხოვნი პოზიცია” ექნება. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ მაკრონმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე ილაპარაკა. 

“ეს ამის დასასრული არ არის. [...] ევროპა საკუთარ თავს ძალად საკმარისად არ აღიქვამს. იმისთვის, რომ თავისუფალი იყო, შენი უნდა ეშინოდეთ. ჩვენი საკმარისად არ ეშინოდათ. [...] საფრანგეთს ყოველთვის ეჭირა მტკიცე და მომთხოვნი პოზიცია. ასე გააგრძელებს”. - თქვა მაკრონმა მაღალჩინოსნების მიხედვით. 

მაკრონის თქმით, ევროკავშირმა შეთანხმებასთან დაკავშირებით სამომავლო მოლაპარაკებებში “ახალი შეღავათები” შეიძლება მოიპოვოს. 

მაკრონმა დაამატა, რომ მოლაპარაკებები “რთულ პირობებში” მიმდინარეობდა და შეთანხმება, როგორც მინიმუმ, მოკლე ვადაში “ხილვადობასა და პროგნოზირებადობას სთავაზობდა”. მისივე თქმით, შეთანხმებამ მნიშვნელოვან საექსპორტო სექტორებში, მათ შორის, ავიაციაში “ფრანგული და ევროპული ინტერესები” დაიცვა.

საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ “სუვერენიტეტსა და კონკურენტუნარიანობას” მიანიჭოს პრიორიტეტი. 

“ახლა იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, რომ სუვერენიტეტისა და კონკურენტუნარიანობის ევროპული დღის წესრიგი დავაჩქაროთ”. - თქვა მაკრონმა წყაროების მიხედვით.  

გარდა ამისა, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ერიკ ლომბარდმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ აშშ-სთან ევროკავშირის მოლაპარაკებების სტრატეგია საკმარისად ძლიერი არ ყოფილა.

“მოლაპარაკებების მეთოდის პრობლემაა, რომელიც ევროკავშირის შიგნით [...] შესაძლოა არ ყოფილა იმდენად ენერგიული ან ძლიერი გარკვეულ ფაზებში და ეს არის, რაც რესპუბლიკის პრეზიდენტმა თქვა, როდესაც განაცხადა, რომ ჩვენი შიშის შთაგონებისა და მოლაპარაკებებში გავლენის უნარები უნდა გავაუმჯობესოთ”. - თქვა ლომბარდმა.

შეგახსენებთ, რომ  27 ივლისს აშშ-მ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა

ტრამპის თქმით, შეთანხმება ევროკავშირიდან აშშ-ში შემოტანილი პროდუქტების უმეტესობისთვის, მათ შორის ავტომობილებისთვის 15%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შეთანხმების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გარკვეული პროდუქცია - როგორიცაა თვითმფრინავები და მათი კომპონენტები, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება და ფარმაცევტული საშუალებები - ტარიფებს არ დაექვემდებარება.

მან ასევე განაცხადა, რომ ახალი 15%-იანი ტარიფი უკვე მოქმედ ტარიფებს არ დაემატება.

კომენტარები