სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სლოვენია ევროკავშირის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) 4 მოსამართლისთვის აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების ბლოკირებას ითხოვს.
სლოვენიამ ევროკავშირს მოუწოდა, გამოიყენოს ე.წ. "ბლოკირების სტატუტი", რომელიც ევროპულ კომპანიებს აშშ-ს ისეთი სანქციების არ შესრულების საშუალებას აძლევს, რომელსაც ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს.
"იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე სანქცირებულთა სიაშია, სლოვენია ბლოკირების აქტის დაუყოვნებლივი ამოქმედების წინადადებას წარადგენს". - ნათქვამია სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სანქციებს ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებიც გამოეხმაურნენ.
"ICC პასუხს სთხოვს მსოფლიოს ყველაზე მძიმე დანაშაულების ჩამდენებს და მსხვერპლს საშუალებას აძლევს მათი ხმა გაიგონონ. ის ზეწოლის გარეშე უნდა მოქმედებდეს". - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა პლატფორმა X-ზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით, ICC "საერთაშორისო სამართლის ქვაკუთხედია" და მისი დამოუკიდებლობა და სანდოობა დაცული უნდა იყოს.
ამავდროულად
ICC-ის პრეზიდენტმა, მოსამართლე ტომოკო აკანემ, ჯერ კიდევ მარტში მოუწოდა ევროკავშირს, რომ ბლოკირების სტატუტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზეც გავრცელებულიყო.
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ოთხ მოსამართლეს ფინანსური სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მხრიდან სავარაუდო სამხედრო დანაშაულებზე ICC-ის ტრიბუნალის გამოძიებასა და ICC-ის მიერ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემას უკავშირდება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა შემდეგ ოთხ პირზე: სოლომი ბალუნგი ბოსა (უგანდა), ლუს დელ კარმენ იბანიეს კარანსა (პერუ), რეინ ადელაიდ სოფი ალაპინი განსუ (ბენინი) და ბეტი ჰოლერი (სლოვენია).





