ევროკავშირი-აშშ

მაკრონი: აშშ ევროპის დასუსტებას ცდილობს, წინააღმდეგობისთვის ძლიერი ინსტრუმენტები გვაქვს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავაჭრო სტრატეგია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპას "ვასალიზაციისა და სისხლიანი პოლიტიკის" თავიდან ასაცილებლად მეტი სუვერენიტეტის განვითარება სჭირდება.

მაკრონმა გააკრიტიკა აშშ-ს მხრიდან კონკურენცია "სავაჭრო შეთანხმებების მეშვეობით, რომლებიც ძირს უთხრის ევროპის საექსპორტო ინტერესებს, მოითხოვს მაქსიმალურ დათმობებს და ღიად ისახავს მიზნად ევროპის დასუსტებასა და დამორჩილებას", თუმცა, მისივე თქმით, ევროპას წინააღმდეგობის გასაწევად ძლიერი ინსტრუმენტები გააჩნია.

"ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ჩვენ ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ჩვენ პატივს არ გვცემენ და თამაშის წესებს არ იცავენ". - თქვა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, ამ ყველაფერს "ემატება ახალი ტარიფების დაუსრულებელი დაგროვება, რაც ფუნდამენტურად მიუღებელია.

გარდა ამისა, მაკრონმა აღნიშნა, რომ ის გმობს "ავტოკრატიისკენ გადახრასა და კონფლიქტების ნორმად ქცევას".

"ეს არის გადასვლა მსოფლიოში წესების გარეშე, სადაც საერთაშორისო სამართალი ფეხქვეშაა გათელილი და სადაც ერთადერთი კანონი, რომელიც მნიშვნელოვანია, არის ყველაზე ძლიერის კანონი და იმპერიული ამბიციები ხელახლა იჩენს თავს". - თქვა მაკრონმა.

დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხში მას ეწინააღმდეგება, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.

კომენტარები