პროკურორის განცხადებით, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნის მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია გამოიკითხა.
პროკურორის თქმით, ჩატარდა ჩხრეკა მალანიას საცხოვრებელ სახლში, ამოღებულია მისი მობილური და დანიშნულია საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა.
"მალანია გამოკითხულია, საკმაოდ კრიტიკულად დაიკითხა აღნიშნული პირი. (..) გამოყოფილ საქმეში, რა შედეგებიც გვექნება, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა სისწხლის სამართლებრივი დევნა, ამ ჩამოთვლილი, კონკრეტული, რომელიმე პირის მიმართ.
მერაბ მალანია არის არასრულწლოვანი გიორგი მალანიას მამა, შესაბამისად, თანამედროვე საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, რომ მერაბ მალანია, როგორც დამსწრე, როგორც წარმომადგენელი დასწრებოდა შვილის გამოკითხვას, შესაბამისად, ის ესწრებოდა გიორგი მალანიას გამოკითხვას და პირი, რომელიც ესწრება და საპროცესო წარმომადგენლის სტატუსით არის, მისთვის მოწმის სტატუსის მინიჭება და მისი გამოკითხვა არ ხდება." - თქვა პროკურორმა, ქეთევან სონიძემ TV პირველთან.
ახალგაზრდა მასწავლებელს თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობას.
"დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო.
დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა" - წერდა პროკურატურა.
გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის, ზემოთხსენებული დ.ჩ.
ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით. 17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.
პროკურატურამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ 3 არასრულწლოვანს ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ედავება ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს.
4 მარტს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ექსპერტების თქმით, გიგა ავალიანს დაზიანება მიყენებული ჰქონდა წინ, მარჯვენა შუბლის მიდამოში.





