გიგა ავალიანის საქმე

ექსპერტმა დაადასტურა, რომ ავალიანს დაზიანება მიყენებული აქვს შუბლის მიდამოში – პროკურორი

პროკურორი ლევან ვეფხვაძე; გიგა ავალიანი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსერტები გამოიკითხნენ. სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ექსპერტების თქმით, გიგა ავალიანს დაზიანება მიყენებული ჰქონდა წინ, მარჯვენა შუბლის მიდამოში. 

"წერტილი დაესვა ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რასაც დაცვის მხარე აპელირებს, რომ გიგა ავალიანს უკან თავის დარტყმით უფრო განუვითარდა ტრავმა.  სამედიცინო ექსპერტმა ცალსახად დაადასტურა, რომ გიგა ავალიანს მიყენებული აქვს დაზიანება წინ, მარჯვენა შუბლის მიდამოში, საიდანაც დაიწყო მოტეხილობის ბზარი და გაგრძელდა უკან მიმართულებით. შესაბამისად, ამ სპეკულაციას დღეს ექსპერტებმა დაუსვეს წერტილი.

მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ გიგა ავალიანისთვის ძალადობის განსახორციელებლად. მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ყიდულობდა სახლისათვის პროდუქტებს, ბრალდებულები ყიდულობდნენ ელექტროშოკს და სხვა საგნებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც ამ საქმეში არის რეალობა და გიგა ავალიანი ზუსტად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარდაიცვალა" - განაცხადა ვეფხვაძემ. 


ახალგაზრდა მასწავლებელს თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობას.

"დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო. დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა" - წერდა პროკურატურა.

გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის, ზემოთხსენებული დ.ჩ.

ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით.  17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.

პროკურატურამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ 3 არასრულწლოვანს ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ედავება ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს.

კომენტარები