"ეს არის მთელი სქემა, სადაც ვხედავთ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რომ შექმნან საბაბები საქართველოზე საინფორმაციო, პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმისთვის." - უპასუხა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტის დასმულ კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე.
"მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხით დაინტერესდა და მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით დააკვირდნენ ასეთი სუბიექტების მოქმედებას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
ხელისგულზე დევს რასთან გვაქვს საქმე, საქმე გვაქვს საინფორმაციო თავდასმხასთან საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მეთოდი ჰიბრიდული ომისა, პირდაპირ გაწერილია სახელმძღვანელოებში როგორ იქმნება ყალბი კვაზი "მეცნიერული" ნაშრომები, ეგრეთწოდებული კვლევები.
პირდაპირ არის ნაბიჯები გაწერილი, ჯერ იქმნება ყალბი კვლევა, რომლის ტირაჟირება ხდება მედიის მხრიდან, შემდეგ ხდება ამაზე გამოხმაურება და ამით იქმნება აღქმნა გარკვეულ ქვეყანასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს პირდაპირი საინფორმაციო ომი, რომლის მონაწილეებად ისახებიან უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორები.
ჩვენ ვხედავთ ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებულ თინა ხიდაშელს, რომესაც გამოკვეთილი ანტიქართული დღის წესრიგი აქვს. რომელიც ცდილობს რომ დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, ცდილობს რომ გარე ძალებს შეუქმნას საბაბები, საქართველოზე პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმისა.
ვხედავთ გიორგი კანდელაკს, რომელიც ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანია, ყველა კრიტიკულ მომენტში ის არის პირველი ადამიანი, რომელიც ცდილობს დაბნეულობის შემოტანას საზოგადოებაში, ცდილობს გარედან დარტყმის ობიექტი აქციოს საქართველო.
შეგახსენებთ, გიორგი კანდელაკი არის ის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც უვიზო მიმოსვლას გვაძლევდნენ, მაშინ დარბოდა დერეფან-დერეფანში და ცდილობდა ჩაეშალა ეს პროცესი.
შეგახსენებთ, სამების ტაძარში ხატთან დაკავშირებული სკანდალი, რომ გიორგი კანდელაკი იყო, ვინც არაფრისგან შეეცადა სკანდალი შეექმნა, ეს ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ უცხო ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოზე თავდასხმისა.
ასე, რომ ეს ლუსტრაციაა. ეკა გიგაური, ესტონელი ენჯეოშნიკი, რომელიც ზუსტად ამას აკეთებს.
ვფიქრობ, მათთვის ვისაც უნდა იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლიათ ჩამოვიდნენ და ამაზე დისერტაციები წერონ, თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხოურ ძალებს იმისთვის, რომ საქართველო გახადონ მათი თავდასხმის ობიექტი.
დაიწერა ორი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული სტატია, ორივეს ავტორები არიან ქართველები და საზღვრაგარეთ გამოქვეყნდა, უფროსწორად სამია - თინა ხიდაშელი, რომელიც რაღაც კვლევებზე საუბრობს, დაკვირვებებზე.
გიორგი კანდელაკი და კიდევ ერთი ქართველი ქალი, რომელმაც The Hill-ში გამოაქვეყნა სტატია, სამივე ეს ე.წ კვლევები არის ცრუ კვლევები, რომლებმაც უნდა შექმნან საბაბი, რომ აიწიოს საინფორმაციო ხმაური ამასთან დაკავშირებით, გაისმას ბრალდებები საქართველოზე, გამოვიდეს ადამიანი.
მართლაც მძიმეა, როდესაც ყოფილი სამხედრო და ჩვენი სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყოფილი მაღალი ხელმძღვანელი პირდაპირ ეთერში ასახელებს, მისი აზრით, სად იქნებოდა კარგი რომ ის, ვინც ემტერება ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს, მიიტანოს დარტყმა." - თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს სუს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე პირის მიერ გაკეთდა საჯარო განცხადებები "საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ", რაზეც უწყებამ გამოძიება დაიწყო.
გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატ, გივი თარგამაძეს, ტაბულას უწყებაში უთხრეს, რომ მასთან დაკავშირდება ვერ ხერხდება, რადგან "ტელეფონი გამორთული აქვს" და იმედი აქვთ, რომ თარგამაძე მედიასაშუალებებისგან გაიგებს.
მოგვიანებით, TV პირველმა თარგამაძის ოჯახის წევრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გივი თარგამაძე უცხოეთში იმყოფება.





