სუს-ის გამოძიება

კითხვები იყო ჩემი განცხადება ქვეყანას ვნებს თუ არა - გივი თარგამაძე სუს-ში გამოიკითხა

გივი თარგამაძე
ვანო გორ­გიშ­ვი­ლი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უწყებაში საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გივი თარგამაძე გამოკითხეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"კითხვების ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ქვეყანას ვნებდა თუ არა. რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი იყო, რომ - არა. შევეცადე ამეხსნა, რომ ქვეყანას ვნებს ის, რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება. ჩემი შეფასება იმისთვის იყო მოწოდებული, რომ მეტად იმუშაონ და იმის პრევენცია მოახდინონ, რაც ქვეყანას ვნებს. 

მე ყველა ინფორმაცია ღია წყაროებიდან მქონდა, მათაც აქვთ, ყველას აქვს და ამ ფაქტებზე შესაბამისი მუშაობა უნდა იმისთვის, რომ ეს არ გაგრძელდეს [...] არანაირი გამოსვლა და განხილვა საფრთხეს არ აჩენს - საფრთხეს აჩენს ის ქმედება, რომელიც გრძელდება და რომლის პრევენციაც სუს-მა უნდა მოახდინოს". - თქვა გივი თარგამაძემ.

გივი თარგამაძე გამოკითხვაზე, სავარაუდოდ, TV ფორმულას ეთერში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს. 

"ტერორისტული უნივერსიტეტია, ტერორისტების უნივერსიტეტი მუშაობს და ბოგინებს მთელი ძალით საქართველოში და სწორედ ისინი ახდენენ ამ ადამიანების "ვერბორკას" ასე რომ ვთქვათ, ისინი იწვევენ მათ, ასწავლიან ამ საქმიანობას და აგზავნიან კონკრეტული დანაშაულების ჩასადენად მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე" - თქვა თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს სუს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე პირის მიერ გაკეთდა საჯარო განცხადებები "საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ", რაზეც უწყებამ გამოძიება დაიწყო.

გიცი თარგამაძის გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი, პოლიტიოლოგი გია ხუხაშვილი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაიბარა.

სავარაუდოდ, სუს-ს კითხვები ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასა და პოლიტიკოსების მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებზე აქვს.


როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლითაა დაწყებული, რაც  უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისიწნებს. მათივე ცნობით, თუ სხვა გარემოებები გამოიკვეთება მუხლი გადაკვალიფიცირდება.

"ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.

ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ." - უთხრეს სუს-ში ტაბულას. 

"ტერორისტული უნივერსიტეტია, ტერორისტების უნივერსიტეტი მუშაობს და ბოგინებს მთელი ძალით საქართველოში და სწორედ ისინი ახდენენ ამ ადამიანების "ვერბორკას" ასე რომ ვთქვათ, ისინი იწვევენ მათ, ასწავლიან ამ საქმიანობას და აგზავნიან კონკრეტული დანაშაულების ჩასადენად მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში" - თქვა თარგამაძემ TV ფორმულას ეთერში, სავარაუდოდ სწორედ ამ განცხადების გამოა ის სუს-ში დაბარებული.

3 მარტს "ჰადსონის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა კვლევა სათაურით "საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეში". კვლევის ავტორები არიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი.

კვლევაში წერია, რომ "საქართველოში ირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა მკვეთრად გაიზარდა, უკვე სისტემური გახდა და ქართული საზოგადოების გარკვეულ სეგმენტებში ღრმად არის გამჯდარი. [...] საქართველოს ირანისკენ გადახრა უფრო ფართო გეოპოლიტიკური გადალაგების ნაწილია, რომელიც მოსკოვთან დაახლოებასაც მოიცავს. ეს ცვლილება ასევე ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, იურიდიულ ზეწოლას ახდენს პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე და არღვევს ტრადიციულ პარტნიორულ ურთიერთობებს დასავლეთთან".

4 მარტს თინა ხიდაშელმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ "საქართველოში პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი იმიტომ, რომ ის უნივერსიტეტი არ არის, რადგან მას აკრედიტაცია არ აქვს. [...] მისი რექტორი იყო თავის დროზე ირანში ის კაცი, რომელიც ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადდა. [...] ეს ჩვეულებრივი ტერორისტების სკოლაა."

ასევე, გუბაზ სანიკიძემ TV ფორმულაზე თქვა, რომ "საქართველო არის გაგლეჯილი ტომარა, უძირო, გატეხილი ქვევრი. ვისაც უნდა შედის, ვისაც უნდა, გამოდის. სუნიტები, შიიტები, არაბული სამყარო, ირანული სამყარო".

6 მარტს ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც "მსგავს განცხადებებს" აკეთებენ, არიან მოღალატეები და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

"პირველი შემთხვევა არაა, როცა ვხედავთ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან შემჩნეულნი. ისინი ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. არანაირი კავშირი, ინტერესი საქართველოსთან მიმართებით არ აქვთ, მხოლოდ ის აინტერესებთ, მტრული ნაბიჯები როგორ გადადგან. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაზიანებელია. არანაირი ფაქტი, კონკრეტიკა არ არსებობს. ეს არის ცილისწამება და სიცრუე. იმ მოცემულობაში, რაც დღეს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ხდება, ამ ტიპის განცხადებების თუ კვლევების გაკეთება, ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობაა და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ." - თქვა კალაძემ. 

კომენტარები