სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური

"ვერ ვუკავშირდებით, იმედია მედიისგან გაიგებს" – სუს გამოკითხვაზე გივი თარგამაძესაც იბარებს

გივი თარგამაძე
ვანო გორ­გიშ­ვი­ლი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [სუს] გამოკითხვაზე საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატ, გივი თარგამაძესაც იბარებს, თუმცა ტაბულას უწყებაში უთხრეს, რომ მასთან დაკავშირდება ვერ ხერხდება, რადგან "ტელეფონი გამორთული აქვს" და იმედი აქვთ, რომ თარგამაძე მედიასაშუალებებისგან გაიგებს. 

"გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. დაბარების საფუძვლებთან დაკავშირებით შეუძლია იხილოს ის განცხადება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა დღის განმავლობაში უკვე გააკეთა" - უთხრეს ტაბულას სუს-ში.

განახლება: მოგვიანებით, TV პირველმა თარგამაძის ოჯახის წევრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გივი თარგამაძე უცხოეთში იმყოფება.

"ტერორისტული უნივერსიტეტია, ტერორისტების უნივერსიტეტი მუშაობს და ბოგინებს მთელი ძალით საქართველოში და სწორედ ისინი ახდენენ ამ ადამიანების "ვერბორკას" ასე რომ ვთქვათ, ისინი იწვევენ მათ, ასწავლიან ამ საქმიანობას და აგზავნიან კონკრეტული დანაშაულების ჩასადენად მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში" - თქვა თარგამაძემ TV ფორმულას ეთერში, სავარაუდოდ სწორედ ამ განცხადების გამოა ის სუს-ში დაბარებული.

გამოკითხვაზე ასევე დაბარებულები არიან გიორგი კანდელაკი, გუბაზ სანიკიძე და თინა ხიდაშელი, რომლებიც სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან. გუბაზ სანიკიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან უკვე იკითხება.

სავარაუდოდ, სუს-ს კითხვები ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასა და პოლიტიკოსების მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებზე აქვს. დღეს, 7 მარტს გახდა ცნობილი, რომ ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

უწყებამ ტაბულას უთხრა, რომ ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლითაა დაწყებული, რაც  უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისიწნებს. მათივე ცნობით, თუ სხვა გარემოებები გამოიკვეთება მუხლი გადაკვალიფიცირდება.

"ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.

ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ." - უთხრეს სუს-ში ტაბულას. 

3 მარტს "ჰადსონის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა კვლევა სათაურით "საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეში". კვლევის ავტორები არიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი.

კვლევაში წერია, რომ "საქართველოში ირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა მკვეთრად გაიზარდა, უკვე სისტემური გახდა და ქართული საზოგადოების გარკვეულ სეგმენტებში ღრმად არის გამჯდარი. [...] საქართველოს ირანისკენ გადახრა უფრო ფართო გეოპოლიტიკური გადალაგების ნაწილია, რომელიც მოსკოვთან დაახლოებასაც მოიცავს. ეს ცვლილება ასევე ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, იურიდიულ ზეწოლას ახდენს პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე და არღვევს ტრადიციულ პარტნიორულ ურთიერთობებს დასავლეთთან".

4 მარტს თინა ხიდაშელმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ "საქართველოში პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი იმიტომ, რომ ის უნივერსიტეტი არ არის, რადგან მას აკრედიტაცია არ აქვს. [...] მისი რექტორი იყო თავის დროზე ირანში ის კაცი, რომელიც ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადდა. [...] ეს ჩვეულებრივი ტერორისტების სკოლაა."

ასევე, გუბაზ სანიკიძემ TV ფორმულაზე თქვა, რომ "საქართველო არის გაგლეჯილი ტომარა, უძირო, გატეხილი ქვევრი. ვისაც უნდა შედის, ვისაც უნდა, გამოდის. სუნიტები, შიიტები, არაბული სამყარო, ირანული სამყარო".

6 მარტს ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც "მსგავს განცხადებებს" აკეთებენ, არიან მოღალატეები და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

"პირველი შემთხვევა არაა, როცა ვხედავთ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან შემჩნეულნი. ისინი ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. არანაირი კავშირი, ინტერესი საქართველოსთან მიმართებით არ აქვთ, მხოლოდ ის აინტერესებთ, მტრული ნაბიჯები როგორ გადადგან. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაზიანებელია. არანაირი ფაქტი, კონკრეტიკა არ არსებობს. ეს არის ცილისწამება და სიცრუე. იმ მოცემულობაში, რაც დღეს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ხდება, ამ ტიპის განცხადებების თუ კვლევების გაკეთება, ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობაა და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ." - თქვა კალაძემ.

კომენტარები