სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლის წინაშე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი გამოიკითხა.
კანდელაკმა გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენა შორს წავიდა და თუ ამ კვლევის შემდეგ, უფრო მეტად ირეაგირებს სახელმწიფო, რომ ეს საფრთხე შემცირდეს, მაშინ მისი მიზანი მიღწეული იქნება.
"ფაქტია, რომ საქართველოს აქვს დიდი პრობლემა, ეს პრობლემა უბრალოდ ახლა უფრო ხილული გახდა, მაგრამ ეს პრობლემა წლების განმავლობაში იყო, როცა ეს ალ მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც არის ტერორიზმის გამო სანქცირებული.
აი, მაგალითად ალ მუსტაფას უნივერსიტეტში მუშაობს ხალხი, ვინც ინტერპოლის წითელ ცირკულარზე არიან ირანში, მაგრამ აქედან ხომ მიდიან სტუდენტები იქ, მერე რას სწავლობენ, რას უდებენ თავში ამ ადამიანებს.
ვიცით რაც არის ირანის ისლამური რესპუბლიკის გაცხადებული პოლიტიკა, იმას უდებენ. ფაქტია, რომ ეს არის ძალიან შორს წასული, ფაქტია, რომ ამბებში არის ჩაბმული, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე და თუკი, ამ კვლევის შემდეგ, უფრო ირეაგირებს სახელმწიფო და რამე მაინც გაკეთდება, რომ ეს საფრთხე შემცირდეს, მაშინ მიზნისთვის მიმიღწევია.
ამ კვლევაში და სხვა კვლევებში, რაც არის ფაქტები ყველაფერი საჯაროდ არის ცნობილი, ზოგი ფაქტი, მაგალითად ამ ყასამ სოლეიმანის განმადიდებელი კონფერენცია, სამი წლის წინ ჩატარდა და იერაგირა რამე სახელმწიფომ? არა." - განმარტა კანდელაკმა.
სანამ კანდელაკი გამოკითხვაზე შევიდოდა, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაკვირვებულია ამ დაბარებების გამო, რადგან მისი თქმით, ჰადსონის კვლევაში არ წერია არაფერი ისეთი, რაც არაა საჯაროდ ცნობილი.
ასევე დასძინა, რომ გუბაზ სანიკიძის, თინა ხიდაშელისა და გივი თარგამაძის განცხადებებში, რომელთა გამოც ისინი ასევე დაიბარა სუს-მა გამოკითხვაზე, "არაფერი არ თქმულა ისეთი, რაც ცნობილი არ არის."
"ჰადსონის ინსტიტუტი არის წამყვანი, კონსერვატიული ინსტიტუტი აშშ-ში ადმინისტრაციასთან საკმაოდ დაახლოებული, ყველაფერი არის საჯაროდ ცნობილი, არაფერი არ წერია იქ, არც სხვა კვლევებში, თინა ხიდაშელის კვლევებში. საჯარო განცხადებებიც გაკეთდა გივი თარგამაძის, გუბაზ სანიკიძის მიერ. არაფერი არ თქმულა ისეთი, რაც ცნობილი არ არის.
აი, მაგალითად, გუშინ რომ რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე ირანის საელჩოს წინ ყვიროდა, რომ "ხამენეი, მზად ვართ შენი ბრძანებების შესასრულებლადო", ეს რა არის? ეს საფრთხე არაა? ან ალ მუსტაფას უნივერსიტეტი, რომ დასანქცირებულია, რატოა დასანქცირებული? ცნობილი არ არის? ან, ჰასან ნასრალას ხსოვნის კონფერენციები, რომ იმართება მარნეულში, ყველაფერი საჯაროდ არის ცნობილი, საფრთხეს წარმოადგენს არა კვლევა, რომელიც არის ისედაც ცნობილი ამბების და ფაქტების აღნუსხვა.
ტერორისტების ხოტბა-დიდება და მაგალითებად დასახვა ახალგაზრდებისთვის, როცა იქ იმართება კონფერენციები და ახალგაზრდებს, ბავშვებს, მათ შორის, ეუბნებიან რომ კასემ სოლეიმანი არის მისაბაძი ადამიანი, რომელსაც ასეულობით ადამიანი ჰყავს მოკლული, იმ ახალგაზრდის ტვინში რაღაც რომ გადაბრუნდეს, მერე სად მივდივართ? ეს არის საფრთხე საქართველოსთვის.
(...) გუშინ რომ ყვიროდნენ "ხამენეი, მზად ვართ შენი ბრძანების შესასრულებლადო”, მაგით უნდა ინტერესდებოდეს სუსი და არ ცდებოდეს ჩემზე." - განაცხადა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს სუს-მა გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატი, გივი თარგამაძე დაიბარა.
სავარაუდოდ, სუს-ს კითხვები ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასა და პოლიტიკოსების მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებზე აქვს. გუშინ გახდა ცნობილი, რომ ამასთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო.
მაგისტრატ მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხა გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარისას თქვა, რომ შეკითხვები მის გამოსვლასთან დაკავშირებით ჰქონდათ.
"შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით და არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები - მე ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს" - დასძინა სანიკიძემ.
რაც შეეხება გივი თარგამაძეს, ტაბულას უწყებაში უთხრეს, რომ მასთან დაკავშირდება ვერ ხერხდება, რადგან "ტელეფონი გამორთული აქვს" და იმედი აქვთ, რომ თარგამაძე მედიასაშუალებებისგან გაიგებს.
ხოლო, მოგვიანებით TV პირველმა თარგამაძის ოჯახის წევრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გივი თარგამაძე უცხოეთში იმყოფება.
როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლითაა დაწყებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისიწნებს. მათივე ცნობით, თუ სხვა გარემოებები გამოიკვეთება მუხლი გადაკვალიფიცირდება.
"ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.
ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ." - უთხრეს სუს-ში ტაბულას.
"ტერორისტული უნივერსიტეტია, ტერორისტების უნივერსიტეტი მუშაობს და ბოგინებს მთელი ძალით საქართველოში და სწორედ ისინი ახდენენ ამ ადამიანების "ვერბორკას" ასე რომ ვთქვათ, ისინი იწვევენ მათ, ასწავლიან ამ საქმიანობას და აგზავნიან კონკრეტული დანაშაულების ჩასადენად მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში" - თქვა თარგამაძემ TV ფორმულას ეთერში, სავარაუდოდ სწორედ ამ განცხადების გამოა ის სუს-ში დაბარებული.
3 მარტს "ჰადსონის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა კვლევა სათაურით "საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეში". კვლევის ავტორები არიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი.
კვლევაში წერია, რომ "საქართველოში ირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა მკვეთრად გაიზარდა, უკვე სისტემური გახდა და ქართული საზოგადოების გარკვეულ სეგმენტებში ღრმად არის გამჯდარი. [...] საქართველოს ირანისკენ გადახრა უფრო ფართო გეოპოლიტიკური გადალაგების ნაწილია, რომელიც მოსკოვთან დაახლოებასაც მოიცავს. ეს ცვლილება ასევე ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, იურიდიულ ზეწოლას ახდენს პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე და არღვევს ტრადიციულ პარტნიორულ ურთიერთობებს დასავლეთთან".
4 მარტს თინა ხიდაშელმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ "საქართველოში პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი იმიტომ, რომ ის უნივერსიტეტი არ არის, რადგან მას აკრედიტაცია არ აქვს. [...] მისი რექტორი იყო თავის დროზე ირანში ის კაცი, რომელიც ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადდა. [...] ეს ჩვეულებრივი ტერორისტების სკოლაა."
ასევე, გუბაზ სანიკიძემ TV ფორმულაზე თქვა, რომ "საქართველო არის გაგლეჯილი ტომარა, უძირო, გატეხილი ქვევრი. ვისაც უნდა შედის, ვისაც უნდა, გამოდის. სუნიტები, შიიტები, არაბული სამყარო, ირანული სამყარო".
6 მარტს ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც "მსგავს განცხადებებს" აკეთებენ, არიან მოღალატეები და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.
"პირველი შემთხვევა არაა, როცა ვხედავთ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან შემჩნეულნი. ისინი ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. არანაირი კავშირი, ინტერესი საქართველოსთან მიმართებით არ აქვთ, მხოლოდ ის აინტერესებთ, მტრული ნაბიჯები როგორ გადადგან. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაზიანებელია. არანაირი ფაქტი, კონკრეტიკა არ არსებობს. ეს არის ცილისწამება და სიცრუე. იმ მოცემულობაში, რაც დღეს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ხდება, ამ ტიპის განცხადებების თუ კვლევების გაკეთება, ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობაა და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ." - თქვა კალაძემ.





