თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს გია ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე ქემოკლიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაცვის მხარის განცხადებით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
ქემოკლიძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობა ემურება.
პენიტენციურის ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს.
9 ოქტომბერს სუს-მა სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გია ქემოკლიძე დააკავა.
უწყების მტკიცებით, ქემოკლიძემ და ბაჩიაშვილმა ერთად დაგეგმეს ამ უკანასკნელის ცემის იმიტაცია, რაც არ გამოუვიდათ, აღნიშნულის შემდეგ კი ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში კახი მეტრეველი შეასახლეს, რომელთანაც გიორგი ბაჩიაშვილმა სპეციალურად დაიწყო "ურთიერთობის დაძაბვა".
"საბოლოოდ, მიზნად განსაზღვრული იყო გავრცელებული ინფორმაციის გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ გამოყენება, როგორც შიდა პიარული მოხმარებისთვის და საქმის დაზარალებულის წინააღმდეგ, ასევე იგივე მიმართულებით სტრასბურგის სასამართლოში" - წერს სუს.
გარდა ამისა, უწყების მტკიცებით, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გია ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში შეასახლა 2 პატიმარი, რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად 10 დღე გაატარეს. მათივე ცნობით, აღნიშნულის ამსახველი ვიდეოკადრები ქემოკლიძის ბრძანებით წაშალეს.
უწყების ცნობითვე, "გუშინდელ დღემდე" არცერთ მოწმეს არ უხსენებია აღნიშნული 2 პატიმრის ბაჩიაშვილთან შესახლების შესახებ. რაც შეეხება ბაჩიაშვილის ცემის საქმეს, სუს-ის ცნობით, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ბაჩიაშვილის საკანში ქემოკლიძის ბრძანებით კამერები გამორთეს.
ცნობისთვის, 21 აგვისტოს N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს. ასევე თანამდებობა დატოვა პენიტენციურის უფროსმაც, ბეჟან ობგაიძემ.
7 ოქტომბერს ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი, გამოძიება საიწყო სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





