ტრამპი-გრენლანდია

აშშ-ს მიერ ტარიფების გაზრდა შეცდომა იქნება, კომუნიკაციის პრობლემაა – მელონი გრენლანდიაზე

იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი
Reuters

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან ევროპის ქვეყნებისთვის ტარიფების გაზრდა "შეცდომა" იქნება და დაამატა, რომ ტრამპს ამაზე ელაპარაკა. მანვე განმარტა, რომ ევროპა და აშშ გრენლანდიასთან დაკავშირებით "კომუნიკაციის პრობლემას" წააწყდნენ.  

ამის შესახებ მელონიმ ქალაქ სეულში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან ილაპარაკა.

"ვფიქრობ, რომ ტარიფების გაზრდა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც გრენლანდიის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა გადაწყვიტეს შეცდომა იქნება. [...] რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპს ველაპარაკე და ვუთხარი, რასაც ვფიქრობ და ასევე ველაპარაკე NATO-ს გენერალურ მდივანს, რომელმაც დაადასტურა, რომ NATO ამ საკითხზე მუშაობას იწყებს". - თქვა მელონიმ. 

იტალიის პრემიერის თქმით, "ამერიკული გადმოსახედიდან ატლანტიკური ოკეანის ამ მხრიდან მიმავალი გზავნილი ნათელი არ ყოფილა". 

"ვფიქრობ, რისკი ის არის, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ინიციატივები ანტიამერიკულად იქნა აღქმული, რაც განზრახვა აშკარად არ ყოფილა". - თქვა მელონიმ. 

იტალიის პრემიერმინისტრმა NATO-ს მხრიდან გრენლანდიაში გააქტიურება დადებითად შეაფასა. 

"NATO არის სივრცე, სადაც აშკარად სტრატეგიულ ტერიტორიაზე პოტენციურად მტრული ჩარევის შეჩერების საშუალებებს ორგანიზება ერთად უნდა გავუწიოთ და ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ NATO-მ ამაზე მუშაობა დაიწყო, კარგი ინიციატივაა". - თქვა მელონიმ. 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.

მან ასევე დაამატა, რომ ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება და ასე შენარჩუნდება, სანამ აშშ-ს მიერ გრენლანდიის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული. 

ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტმა, მანფრედ ვებერმა 17 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა აღარ არის შესაძლებელი. 

"EPP ემხრობა EU-აშშ-ს სავაჭრო შეთანხმებას, მაგრამ გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მუქარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მისი დამტკიცება შეუძლებელია. აშშ-ს პროდუქტებზე 0%-იანი ტარიფი უნდა შეჩერდეს." - დაწერა ვებერმა X-ზე.

კომენტარები