ტრამპი-გრენლანდია

ნაუსედა გრენლანდიაზე: გამოსავალი უსაფრთხოებაზე საერთო შეთანხმების მიღწევაა

ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გრენლანდიის საკითხის ირგვლივ არსებულ დაძაბულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა იყოს არქტიკისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის უსაფრთხოებაზე საერთო პასუხისმგებლობის შეთანხმების დადება იყოს.

Reuters-თან საუბრისას, ნაუსედამ თქვა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოებით ხდება უკრაინაში მიმდინარე ომის გადაფარვა, რითიც საბოლოოდ რუსეთი სარგებლობს. მან ვაშინგტონს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა. 

"საუკეთესო გამოსავალი შესაძლოა იყოს არქტიკისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონების უსაფრთხოებაზე საერთო პასუხისმგებლობის აღებაზე შეთანხმება. ამის მიღწევა შესაძლებელია? ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მიმართულებით წავიდეთ, რადგან ეს საუკეთესო გამოსავალია" – ამბობს ნაუსედა. 

მანამდე, აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა 20 იანვარს განაცხადა, რომ აშშ და ევროპული სახელმწიფოები გრენლანდიის საკითხზე გამოსავალს იპოვიან და დაამატა, რომ მედია მხარეებს შორის შესაძლო სავაჭრო ომთან დაკავშირებით "ისტერიას" ქმნის. 

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის პარალელურად ბესენტმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით მხარეები იპოვიან გამოსავალს, რომელიც აშშ-სა და ევროპის ეროვნულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.

მან ასევე დაამატა, რომ ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება და ასე შენარჩუნდება, სანამ აშშ-ს მიერ გრენლანდიის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უკმაყოფილება გამოხატა ევროპული ქვეყნების ნაწილის მხრიდან ბოლო დღეებში გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის გამო, რაც ტრამპმა "სახიფათო" და "გაუმართლებელ" ნაბიჯად დაახასიათა.

პოსტში ტრამპმა განმარტა, რომ გრენლანდიის "მოპოვება" აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან "ოქროს გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემის "მაქსიმალური პოტენციალის მიღწევისთვის და ეფექტურობისთვის" გრენლანდიის მიწაა საჭირო.

თავის მხრივ, ტრამპის განცხადების შემდეგ ევროპის რვა ქვეყანამ ტარიფების დაწესების მუქარასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. 

ამას გარდა, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტმა, მანფრედ ვებერმა 17 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა აღარ არის შესაძლებელი. 

კომენტარები