აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა 20 იანვარს განაცხადა, რომ აშშ და ევროპული სახელმწიფოები გრენლანდიის საკითხზე გამოსავალს იპოვიან და დაამატა, რომ მედია მხარეებს შორის შესაძლო სავაჭრო ომთან დაკავშირებით "ისტერიას" ქმნის.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის პარალელურად ბესენტმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით მხარეები იპოვიან გამოსავალს, რომელიც აშშ-სა და ევროპის ეროვნულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
"48 საათი გავიდა. როგორც ვთქვი, დასხედით, დამშვიდდით. დარწმუნებული ვარ, რომ ლიდერები არ მოახდენენ ესკალაციას და რომ ეს საბოლოოდ ყველასთვის ძალიან სასიკეთოდ დასრულდება, ევროპისა და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის."
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ აშშ-სა და ევროპას შორის სავაჭრო ომი დიდხანს გაგრძელდეს, ბესენტმა უპასუხა: "რატომ ვჩქარობთ? რატომ განვიხილავთ ყველაზე ცუდ ვარიანტს? შევამციროთ ისტერია. ღრმად ჩაისუნთქეთ."
"თქვენ ყველაზე შორს, მაქსიმალისტურ პოზიციამდე მიდიხართ. ჩვენ პრეზიდენტი ტრამპის პოლიტიკის შუაში ვიმყოფებით და, რა თქმა უნდა, ევროპა მოკავშირეა, NATO-ში აშშ-ს წევრობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, ჩვენ პარტნიორები ვართ რუსეთსა და უკრაინას შორის ამ ტრაგიკული ომის გაჩერებისკენ მიმართულ მცდელობებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება გვქონდეს უთანხმოება გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით." - თქვა ბესენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.
მან ასევე დაამატა, რომ ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება და ასე შენარჩუნდება, სანამ აშშ-ს მიერ გრენლანდიის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უკმაყოფილება გამოხატა ევროპული ქვეყნების ნაწილის მხრიდან ბოლო დღეებში გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის გამო, რაც ტრამპმა "სახიფათო" და "გაუმართლებელ" ნაბიჯად დაახასიათა.
პოსტში ტრამპმა განმარტა, რომ გრენლანდიის "მოპოვება" აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან "ოქროს გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემის "მაქსიმალური პოტენციალის მიღწევისთვის და ეფექტურობისთვის" გრენლანდიის მიწაა საჭირო.
თავის მხრივ, ტრამპის განცხადების შემდეგ ევროპის რვა ქვეყანამ ტარიფების დაწესების მუქარასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
ამას გარდა, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტმა, მანფრედ ვებერმა 17 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა აღარ არის შესაძლებელი.





