ტრამპი-გრენლანდია

გრენლანდიის საგარეო მინისტრის თქმით, აშშ-სთან მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვივიენ მოცფელდტმა 7 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს, თუმცა, დაამატა, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ სადამდე მივა ეს მოლაპარაკებები.

"ჯერ იქამდე არ მივსულვართ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. დიდი გზა იქნება გასავლელი, ასე რომ, ნაადრევია იმის თქმა, თუ ბოლოს სადამდე მივალთ." - განაცხადა მოცფელდტმა გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში დანიელ და კანადელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ცნობისთვის, აშშ-ს, გრენლანდიასა და დანიას შორის არქტიკის საკითხზე მოლაპარაკებები იანვრის ბოლოს დაიწყო

გამოცემა Telegraph წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ დავოსში შეთანხმებული პირობების თანახმად, აშშ გრენლანდიის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილს სუვერენულ ბაზებად გამოაცხადებს და შედეგად მათზე კონტროლის დამყარებას შეძლებს.

Telegraph-ის მიხედვით, შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და კვიპროსს შორის დადებულ ხელშეკრულებას ჰგავს, გრენლანდიაზე ამერიკული ბაზები აშშ-ს ტერიტორიად ჩაითვლება, რაც საშუალებას მისცემს ამერიკას, კუნძულზე სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციები ჩაატაროს, მოაწყოს სწავლებები და ხელი შეუწყოს ადგილობრივ განვითარებას, მათ შორის, იშვიათი წიაღისეულის მოპოვების კუთხითაც. 

პარალელურად, გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დავოსში ტრამპსა და რუტეს შორის მიღწეული შეთანხმება გრენლანდიაზე დანიის სუვერენიტეტის პატივისცემასაც ითვალისწინებს.

წყაროებმა Axios-ს ასევე განუცხადეს, რომ გეგმა ითვალისწინებს 1951 წლის "გრენლანდიის თავდაცვის შეთანხმების" განახლებას აშშ-სა და დანიას შორის, რომელიც საშუალებას აძლევს აშშ-ს კუნძულზე სამხედრო ბაზები ააშენოს და შექმნას "თავდაცვის ზონები", თუ NATO ამას საჭიროდ მიიჩნევს.

მანამდე, 21 იანვარს, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად შეიქმნა მომავალი შეთანხმების ჩარჩო, რომელიც გრენლანდიასა და ფაქტობრივად მთელ არქტიკის რეგიონს ეხება. ხოლო დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენებით გრენლანდიის მიერთება გამორიცხა

 

კომენტარები