ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

ღარიბაშვილი მხნედაა. საზოგადოებისთვის გადასაცემად გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა. 

გიგუაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი ახლა ციხეში შესახლების შემდგომი პროცედურების გავლას ელოდება. 

მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმება ღარიბაშვილმა თავად მოითხოვა, რადგან "თუკი ბრალდებულისთვის ცხადია, რომ ის საპატიმრო სასჯელს მოიხდის, ლოგიკაც არის იმაში, რომ რაც ადრე შევა საპატიმრო დაწესებულებაში და ადრე დაიწყებს სასჯელის მოხდას, ადრე დატოვებს მას". 

"ირაკლი ღარიბაშვილი არის მხნედ და იმყოფება იგივე მდგომარეობაში, რაშიც ნებისმიერი სხვა პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, რაიმე კონკრეტული გზავნილი ან მესიჯი მას, მით უფრო, საზოგადოებისთვის გადასაცემად ნამდვილად არ დაუბარებია. [...]

ველოდებით იმ პროცედურების გავლას, რა პროცედურებიც მსგავსი ტიპის პატიმარს ახასიათებს, ვგულისხმობთ შესაბამისი პირველადი საკითხების გადაწყვეტას, დამოკიდებულება მის მიმართ არის ნორმალური. [...]

როდესაც მოხდა პოზიციების შეჯერება ბრალდების მხარესთან, მაშინ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ეს დადგენილი წესია და ბევრ სხვა საქმეში მსგავსი პრაქტიკა არსებობს, მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკება მხარეებს შორის, შედგება შეთანხმება და შესაბამისად, თუკი ბრალდებულისთვის ცხადია, რომ ის საპატიმრო სასჯელს მოიხდის, ლოგიკაც არის იმაში, რომ რაც ადრე შევა საპატიმრო დაწესებულებაში და ადრე დაიწყებს სასჯელის მოხდას, ადრე დატოვებს მას". - განაცხადა გიგუაშვილმა. 

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურამ 12 იანვარს დააკავა, მას საპროცესო შეთანხმება გაუფრომეს და 5 წლით პატიმრობა განუსაზღვრეს

მუხლი, რომლითაც ღარიბაშვილს ბრალი ჰქონდა წარდეგინილი 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ღარიბაშვილს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული" და ჩხრეკისას ამოღებული თანხა. ღარიბაშვილის სახლიდან ჩხრეკის დროს ამოღებულია 6.5 მილიონი აშშ დოლარი.

24 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გირაოს გარდა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაუწესეს. 

ექსპრემიერს პროკურატურამ ბრალდება 24 სექტემბერს წარუდგინა. უწყების ცნობით, ღარიბაშვილი ბრალდებას ეთანხმებოდა. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.

ვრცლად ღარიბაშვილის საქმის შესახებ:

კომენტარები