ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა განესაზღვრა – პროკურატურამ მასთან საპროცესო გააფორმა

პროკურატურის განცხადებით, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და მას 5 წლით პატიმრობა განესაზღვრა. 

მუხლი, რომლითაც ღარიბაშვილს ბრალი ჰქონდა წარდეგინილი 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ღარიბაშვილს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული" და ჩხრეკისას ამოღებული თანხა. ღარიბაშვილის სახლიდან ჩხრეკის დროს ამოღებულია 6.5 მილიონი აშშ დოლარი.

"საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თ/აღკვეთა განესაზღვრა.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

24 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გირაოს გარდა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაუწესეს. 

ექსპრემიერს პროკურატურამ ბრალდება 24 სექტემბერს წარუდგინა. უწყების ცნობით, ღარიბაშვილი ბრალდებას ეთანხმებოდა. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.

ვრცლად ღარიბაშვილის საქმის შესახებ:

კომენტარები