საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან 1 წლის გასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, ნეტგაზეთისა და ბათუმელების, დამფუძნებლის საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პირველივე დღიდანაა ჩართული და მზიას უფლებებს იცავს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სასამართლოში.
ქართული მართლმსაჯულება აშკარად უგულვებელყოფს მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებასა და საქმესთან დაკავშირებულ სხვა დარღვევებს.
მზიას საქმეში სხვადასხვა დარღვევაზე სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რეალური მართლმსაჯულების აღსრულება მზიას გამარჯვებით უნდა დასრულდეს." - წერია საიას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 6 აგვისტოს ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. იმავე წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 2025 წლის 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 2025 წლის 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.





