მზია ამაღლობელის საქმე

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

მზია ამაღლობელი, ირაკლი კობახიძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი ირაკლი კობახიძეს ცილისწამებას კერძოდ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და პატივისა და ღირსების შელახვას ედავებოდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა მიიღო. 

სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა არც ირაკლი კობახიძე, არც მისი წარმომადგენელი.

ნეტგაზეთის ცნობით, "განხილვისას ითქვა, მათ არც შესაგებელი წარმოუდგენიათ, იმის მიუხედავად, რომ სარჩელი დაახლოებით 4 თვის წინ, 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაიბარეს". 

"შენიშვნის სახით ვიტყვი, რომ მე ვერ ვხედავ აქ ამ მხარეს. როგორც ვიცი არც შესაგებებელი შემოსულა მოპასუხის მხრიდან. არ ვიცი ამას სასამართლო როგორ აღიქვამს, ეს არის მოპასუხის მხრიდან ძალაუფლების დემონსტრირება, თუ სასამართლოს უპატივცემულობა? არ ვიცი, არა მგონია სასამართლოს ლეგიტიმაციას არ აღიარებდეს. ჩემთვის საინტერესო იქნება სასამართლოს მსჯელობა ამაზეც" - ნეტგაზეთის ცნობით, განაცხადა პროცესზე მზია ამაღლობელმა.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი სადავოდ ხდიდა ირაკლი კობახიძის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედისა და რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის, 2025 წლის 16 აპრილს ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი "კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა და პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა".

ეს მსგავსი შინაარსის მეორე საქმეა, რომლის განხილვაც სასამართლომ შეწყვიტა. 


მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები