რუსეთ-აზერბაიჯანი

პუტინმა აღიარა, რომ 2024 წელს აზერბაიჯანის სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტაჯიკეთში დუშანბეს რეგიონულ სამიტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს უთხრა, რომ გასულ წელს ორი რუსული რაკეტა აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის მახლობლად აფეთქდა, რის შედეგადაც ბაქო-გროზნოს რეისი ყაზახეთში ჩამოვარდა

რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავიდან რამდენიმე მეტრში ორი რუსული რაკეტა აფეთქდა და ავიაკატასტროფა გამოიწვია. რუსეთის განცხადებით, იმ დღეს რუსული რაკეტები მათ საჰაერო სივრცეში შემოსულ სამ უკრაინულ დრონს დაედევნნენ, რა დროსაც ავიარეისის მახლობლად აფეთქდნენ. ბორტზე 67 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. საბოლოო ცნობებით, ავიაკატასტროფაში 38 ადამიანი დაიღუპა.

"ორივე რაკეტა, რომლებიც გაისროლეს, თვითმფრინავს პირდაპირ არ მოხვედრია. ასე რომ ყოფილიყო, ის ადგილზევე ჩამოვარდებოდა, მაგრამ რაკეტები, შესაძლოა, თვითგანადგურების მექანიზმის შედეგად, რამდენიმე მეტრის დაშორებით, დაახლოებით 10 მეტრში აფეთქდნენ.

შესაბამისად, ზიანი ძირითადად არ იყო გამოწვეული საბრძოლო ქობინით, არამედ, უფრო მეტად, თავად რაკეტების ნამსხვრევებით. ამიტომ აღიქვა ეს როგორც ფრინველებთან შეჯახება, რაც მან რუს ავიადისპეტჩერებს მოახსენა და ეს ყველაფერი ჩაწერილია ე.წ. "შავ ყუთებში""  - განაცხადა პუტინმა ალიევთან შეხვედრისას.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ "ტრაგიკულ შემთხვევის" კომპენსაციას გადაიხდის და შესაბამის გამოძიებასაც ჩაატარებს.

"რა თქმა უნდა, რუსეთი ასეთი ტრაგიკული შემთხვევის კომპენსაციას იკისრებს და ყველა ოფიციალურ საკითხს სამართლებრივ შეფასებას მისცემს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მოვალეობაა... ობიექტურად შევაფასოთ ყველაფერი, რაც მოხდა და გამოვავლინოთ ნამდვილი მიზეზები" - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 2024 წლის 25 დეკემბერს აზერბაიჯანის ავიახაზების რეისი ბაქო-გროზნი ყაზახეთში ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონების თავდასხმის გამო მოულოდნელად რუსეთისგან მარშრუტის შეცვლის ბრძანება მიიღო. 

ავიაკატასტროფიდან რამდენიმე დღეში ალიევმა მოსკოვი დანაშაულის არაღიარებასა და საქმის შესახებ "აბსურდული ვერსიების" გავრცელებაში დაადანაშაულა. ამასთანავე, ბაქომ რუსეთთან დაკავშირებული ყველანაირი კულტურული ღონისძიება გააუქმა.

კომენტარები