BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

ოცნებამ მხარი არ დაუჭირა გახარიას პარტიის ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა პარტია გახარია საქართველოსთვის ინიციატივას, BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. კენჭისყრის შედეგით - 11 მომხრე, 2 წინააღმდეგი, საქართველოსთვის ინიციატივა ჩავარდა. 

პარტიამ გახარია საქართველოსთვის დღევანდელ სხდომაზე დადგენილების პროექტი წარადგინა. ინიციატივა ითვალისწინებდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ს მიერ აქციების დაშლისთვის გამოყენებული სპეცსაშაულებების კანონიერების შესწავლას. 

"აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთი აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან, ან იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით, ასევე რამდენად  პროპორციულად და შესაბამისი ინტენსივობით იქნა გამოყენებული ისინი. [...] 

იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდო დარღვევები შესაძლოა ჩადენილია სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მიერ, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შიდა გამოძიება, ან პროკურატურის მიერ წარმოებული მოქმედებები არ იყოს საკმარისად ეფექტური, ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიების საწარმოებლად. სწორედ ამ საზოგადოებრივი აღქმების და ობიექტური რეალობით ნაკარნახევი დეფიციტის შევსებას ემსახურება საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ამოქმედება საგამოძიებო კომისიის სახით.

დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას. კომისია განახორციელებს საპარლამენტო კონტროლის ეფექტიან საქმიანობას. აღნიშნულით, პარლამენტი იყენებს თავის უმთავრეს საკონტროლო ბერკეტს, რათა დაადგინოს, ხომ არ იქნა გადამეტებული თანამდებობის პირთა უფლებამოსილებები, დაცული იქნა თუ არა სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერება და უზრუნველყოფილი იქნას სამართლებრივი რეაგირება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი მიადგა ადამიანის ჯანმრთელობას.

პრობლემის სიმწვავე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ რეაგირებას". - განაცხადა პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა, გიგა ფარულავამ დადგენილების წარდგენისას. 

2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები