დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ კომენტარში, BBC-ს გამოძიების შესახებ თქვა, რომ ის ქიმიური ნივთიერებები, რომელიც გაფრქვევის გზით გამოიყენება, ძირითადად სასუნთქი გზების დაზიანებას იწვევს. "სასურველი იყო რისკ-ჯგუფების გაფრთხილება. ასთმის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანების მიმართ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით".
გამყრელიძემ აღნიშნა რომ ეს უნდა იყოს "გაკვეთილი" და ასეთი ქცევა მოსახლეობის მიმართ არ შეიძლება.
"სასურველია ცნობილი იყოს, თუ რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული. გასულ წელს, როდესაც ქვეყანაში აქციების დაშლა დაიწყეს, ვთქვი, რომ არ იყო სასურველი მსგავსი არაპროპორციული ძალის გამოყენება. დეკემბერი იყო, სიცივე, წყლის ჭავლი და გარკვეული ქიმიური ნივთიერებების შერევა.... რამდენიმე დღის განმავლობაში, ახალგაზრდების ერთი და იმავე ნაკადი იკრიბებოდა და განგრძობითი ზემოქმედება ჰქონდა... ასევე, ხალხის დაშლის შემდეგ თუ არ ხდებოდა ქუჩების დეზინფექცია, მაშინ ეს ნივთიერებები დიდი ხანი დარჩებოდა ზედაპირზე.
[...]კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გააჩნია რა ნივთიერება იყო გამოყენებული. მოსალოდნელი იყო, რომ ამას გარკვეული ზემოქმედება ექნებოდა. მე ვნახე კვლევა, რაც ჩახუნაშვილებმა ჩაატარეს. კვლევა ჩატარებულია 1 თვე-თვე-ნახევრის შემდეგ. 70 ადამიანი გამოიკვლიეს ინსტრუმენტულად. გვიან არის ჩაწერილი, დარბევიდან 2-3 თვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მართლა ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი [ქიმიურ ნივთიერებებს].
ეს ქიმიური ნივთიერებები, რომელიც გაფრქვევის გზით გამოიყენება, ძირითადად სასუნთქი გზების დაზიანებას იწვევს. სასურველი იყო რისკ-ჯგუფების გაფრთხილება. ასთმის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანების მიმართ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით.
დღეს პანიკაა საზოგადოებაში. ექიმებმა რაც შეიძლება მეტი უნდა ისაუბრონ. დიდი დროა გასული, თუ ძლიერი ინტოქსიკაცია არ იყო, არ იყო გამოყენებული ძლიერი ტოქსიკური ნივთიერება, დიდი ალბათობით, ორგანიზმიდან გასული იქნება. პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. გაკვეთილი უნდა იყოს, რომ ასეთი ქცევა არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობის მიმართ! არ შეიძლება მოსახლეობის მიმართ ასეთი არაპროპორციული ძალის გამოყენება". - უთხრა IPN-ს გამყრელიძემ.
ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ 'კამიტი' უწოდა."
ამის შემდეგ, სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უწყებამ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.





