საქართველო-გერმანიის ურთიერთობა

ასე გვემუქრება ბატონი ელჩი მუდმივად – ბოჭორიშვილი ფიშერის განცხადებაზე

"ასე გვემუქრება ბატონი ელჩი მუდმივად, ასეთი ტონით ესაუბრება ის იმ ქვეყნის საზოგადოებას, რომელ ქვეყანაშიც წარმოადგენს ის გერმანიას და ეს არის ძალიან სამწუხარო" - ასე პასუხობს ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმულ შეკითხვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.  

ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ფიშერის საქმიანობის შედეგად საქართველოს და გერმანიას შორის "არაჩვეულებირვი ურთიერთობების" გაუარესება მიიღეს. 

"ზოგადად ელჩის მოვალეობა და ფუნქციაა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეუწყოს ხელი და როდესაც რთულდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები პოზიტიური როლი შეასრულოს და ჩვენ ვხედავთ პირიქით. არაჩვეულებრივი ურთიერთობები გაუარესებული მივიღეთ ამ შემთხვევაში". - თქვა ბოჭორიშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე ჰქონდათ თუ არა დაბრუნების შემდეგ პეტერ ფიშერთან კომუნიკაცია ბოჭორიშვილმა დადებითი პასუხი გასცა.

"დაბრუნების შემდეგ ბატონი ელჩი ბრძანდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მასთან გვქონდეს საუბარი, ნებისმიერ საკითხზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ის კარგა ხნის განმავლობაში ხელისუფლების არცერთ წარმოამდგენელს არ შეხვედრია, ისე საქმიანობდა". - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე "თქვენ სთხოვდით და არ გხვდებოდათ?" ბოჭორიშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.

"ჩვენ რაიმე დიდ ცვლილებას არ ველოდებით, მაგრამ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად კორექტულად, დიპლომატიურ ჩარჩოებში იქნება ეს ურთიერთობა და იმავეს მოველით, თუმცა გადაჭარბებული მოლოდინები ვერ გვექნება, გამომდინარე წარსული გამოცდილებიდან, რაც ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში". - თქვა მან.

ბოჭორიშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ "თავს არავის ესხმიან".

"ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს, გავაგრძელებთ ასე, თუმცა არსებობს გარკვეული ლიმიტები, როცა ხედავ, რომ ქმედება სრულიად არაკორექტულია, გაცდენილია დიპლომატიურ ჩარჩოებს და ეხება ქვეყნის პოლიტიკას, პოლიტიკურ ცხოვრებას. ბუნებრივია მერე პოლიტიკოსების მხრიდანაც ხდება გარკვეული განცხადებების გაკეთება და ეს არ უნდა შეფასდეს, რიტორიკად, თავდასხმად, როგორც უყვართ ხოლმე. არავინ არავის არ ესხმის თავს, ეს არის ის რეაქცია, რაც მოჰყვება კონკრეტული დიპლომატების პოლიტიკურ საქმიანობას". - ამბობს ის. 

ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა გერმანიის ელჩი ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერაში არაერთხელ დაადანაშაულეს. მას ბრალს დებენ ვენის კონვენციის დარღვევაში. 

6 ნოემბერს ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფიშერი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას გერმანიის სრული მხარდაჭერით გააგრძელებს.

მანამდე, 19 ოქტომბერს ოცნების თავდასხმების გამო გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

კომენტარები