საქართველო-გერმანიის ურთიერთობა

არა მხოლოდ ძალიან ცუდი დიპლომატი, ძალიან ცუდი ანალიტიკოსიც არის - იონათამიშვილი ფიშერზე

ივანიშვილის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერზე ამბობს, რომ მისი სახით ელოდებოდნენ გერმანელ დიპლომატს და საბოლოოდ, მიიღეს " გია ხუხაშვილის უარესი ვარიანტი."

"მისი ეს განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის არა მხოლოდ ძალიან ცუდი დიპლომატია, არამედ ძალიან ცუდი ანალიტიკოსიც არის.

მეორე მხრივ, აჩვენებს იმ დამოკიდებულებას, მათ შორის, ქსენოფობიურს, რომელიც მას ზოგადად კავკასიის რეგიონის მიმართ გააჩნია, ასე რომ ის პირები, ვინც მას ტაშით ეგებებოდნენ, უნდა გამოვიდნენ და აღიარონ ესეთი აზროვნება მათთვის მისაღებია, თუ არა." - ამბობს იონათამიშვილი ფიშერზე დასანქცირებულ TV იმედთან.

ცნობისთვის, პეტერ ფიშერმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ "ზოგიერთმა ქართველმა ზუსტად იცის რა არის ევროკავშირი და რას ნიშნავს მასში გაწევრიანება, რა უფლებებსა და პრივილეგიებს, აგრეთვე ვალდებულებებს, რომლებიც ამას მოჰყვება. სხვები უბრალოდ ამბობენ - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი", მსურს ევროპული მომავალი ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის და ამასთან, არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი. მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს."

კომენტარები