აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟენევაში ამერიკული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ძალისხმევის "ყველაზე პროდუქტიული" დღე იყო. მანვე მიუთითა, რომ მხარეებმა სამშვიდობო წინადადებაში პოტენციური სადავო პუნქტები განსაზღვრეს.
ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.
"ძალიან კარგი დღე გვქონდა. ვფიქრობ, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ. [...] დღეს აქ ერთი მიზნით მოვედით და ეს მიზანი იყო, რომ აგვეღო 28 თუ 26 პუნქტი, გააჩნია ვერსიას, რადგან დოკუმენტი ვითარდებოდა, და დაგვევიწროვებინა ისინი, რომლებიც გადაუჭრელია. ამას დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბით მივაღწიეთ". - თქვა რუბიომ.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი პროგრესით "კმაყოფილია".
რუბიომ კონკრეტული საკითხების დეტალების განხილვაზე უარი თქვა, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარე პროცესია და წინადადების შიგთავსი მუდმივად იცვლება.
"საკითხებთან დაკავშირებით დეტალებს არ დავაკონკრეტებ. ეს ძალიან სათუთი მომენტია და მნიშვნელოვანია. როგორც ვთქვი, მათთან დაკავშირებით თანხმობა ჯერ არ არის. ზოგიერთი სემანტიკასა და ენას ეხება, ზოგი კი - მაღალი დონის გადაწყვეტილებებსა და კონსულტაციებს საჭიროებს. სხვა საკითხებს, ვფიქრობ, უბრალოდ უფრო მეტი დრო სჭირდება მოსაგვარებლად. ვიტყვი, რომ იყო ელემენტები, რომლებსაც თავდაპირველი 28 პუნქტის ნაწილად განვიხილავდით და ისინი შეიცვალა. ეს ცოცხალი, ცვალებადი დოკუმენტია. ყოველ დღე უკუკავშირის შედეგად ის იცვლება". - თქვა რუბიომ.
ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში დელეგაციები ძირითადად აშშ-უკრაინის ორმხრივ საკითხებზე კონცენტრირდნენ და ევროკავშირთან და NATO-სთან დაკავშირებულ თემებს თავი აარიდეს, რადგან მათ განხილვას ევროპელი პარტნიორების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრისას აპირებენ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტის პასუხად აღნიშნა, რომ, მათ შორის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით "მნიშვნელოვან პროგრესს" მიაღწიეს.
"აშკარაა, რომ ყველა ვაცნობიერებთ, ამ ომის საბოლოოდ დასასრულამდე მისასვლელად ნაწილობრივ საჭიროა, რომ უკრაინამ იგრძნოს, რომ უსაფრთხოდაა და მას აღარ შეუტევენ და არ დაესხმებიან თავს. ასე რომ, ეს აშკარად არის რაღაც, რაც უნდა განიხილებოდეს. ვფიქრობ, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა დღეს ამასთან დაკავშირებით დეტალებს არ დავაკონკრეტებ". - თქვა რუბიომ.
რუბიოს ზუსტი საბოლოო ვადა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
"რაც მთავარია, დღეს მნიშვნელოვანი ის არის, რომ არსებით პროგრესს მივაღწიეთ. რეალურად წინ წავიწიეთ. ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ აქამდე [რედ. - ომის დასრულება] დროის გონივრულ ვადაში ძალიან მალე მივალთ, იქნება ეს ხუთშაბათი, პარასკევი, ოთხშაბათი, თუ შემდეგი კვირის ორშაბათი. გვსურს, რომ ეს მალე მოხდეს, რადგან დღევანდელ დღესა და იმ დღეს შორის, როდესაც ამას გავუმკლავდებით, ხალხი დაიღუპება. მეტი განადგურება იქნება. ჩვენი მიზანია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დავასრულოთ, მაგრამ ცოტა მეტი დრო გვჭირდება. [...] დღეს იყო საუკეთესო დღე, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობის ბოლო 10 თვის განმავლობაში გვქონდა". - თქვა რუბიომ.
გარდა ამისა, ჟურნალისტის კითხვის პასუხად რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან ამერიკული გეგმის საპასუხო სამშვიდობო წინადადების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ცნობისთვის, ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ დელეგაციებმა "პროგრესს" მიაღწიეს და სამშვიდობო წინადადებაში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე მუშაობენ. პარალელურად, ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და უკრაინული დელეგაციის წევრმა, ანდრეი ერმაკმა ასევე დაადასტურა, რომ მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ "უკრაინის "ლიდერებს"" აშშ-სთვის "ნული მადლიერება აქვთ გამოხატული და ევროპა რუსეთისგან ნავთობის ყიდვას განაგრძობს".
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მედიაში აშშ-ს მიერ რუსეთ-უკრაინისთვის შეთავაზებული 28-პუნქტიანი ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" გავრცელდა, რომელიც კიევის მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ დათმობაზე წასვლას, მათ შორის, ტერიტორიების დათმობასა და NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას, ითვალისწინებს.
მოგვიანებით ამერიკელმა სენატორებმა თქვეს, რომ მარკო რუბიომ მათთან სატელეფონო საუბრისას უარყო, რომ აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ს "სამშვიდობო გეგმა" იყო და განმარტა, რომ გავრცელებული პუნქტები ფაქტობრივად რუსეთის "სურვილების სიას" წარმოადგენდა. თუმცა, მალევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სენატორების განცხადება უარყო, ხოლო მარკო რუბიომ X-ზე სენატორების განცხადების საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი განცხადება გაავრცელა.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისადმი აშშ-ს მიერ წარდგენილი 28-პუნქტიანი ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" არ წარმოადგენს აშშ-ს საბოლოო წინადადებას. რეპორტიორის კითხვაზე, არის თუ არა უკრაინისთვის აშშ-ს მიერ წარდგენილი "სამშვიდობო წინადადება" საბოლოო, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ "არა".
21 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლლეობას სიტყვით მიმართა და აცნობა, რომ ახლა უკრაინა "ისტორიაში ურთულესი მომენტის" წინაშე დგას. " უკრაინა შესაძლოა, ძალზე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან დაკარგოს ღირსება, ან გარისკოს მთავარი პარტნიორის დაკარგვა." - დაამატა მან.





