ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ბრაიან ფიცპატრიკის თქმით, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო წინადადებების განხილვისას რამდენიმე ფაქტორი არის გასათვალისწინებელი.
კონგრესმენი აღნიშნავს, რომ პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით დადებული არცერთი პირობა არ შეუსრულებია, NATO-სა და აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული ხელშეკრულების მიღმა ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტია შეუსრულებელია და უკრაინის არმიის "იძულებითი შემცირება" დასავლეთის ჯარებისთვის საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ტერიტორიად ოფიციალურად აღიარება ან უკრაინისთვის ალიანსებში გაწევრიანების თავისუფლების ოფიციალურად შეზღუდვა დიქტატორის დაჯილდოებისა და მსხვერპლი ქვეყნის დასჯის პრეცედენტს შექმნის.
ამის შესახებ ფიცპატრიკი X-ზე წერს.
"ნებისმიერი შეთავაზებული სამშვიდობო შეთანხმების შეფასებისას შემდეგ ფაქტებს უნდა გაესვას ხაზი:
ვლადიმირ პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით არცერთი პირობა არ შეუსრულებია. არც ერთი. არასდროს. და არც ახლა დაიწყებს. ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ვლადიმირ პუტინის "პირობაზე" ნდობის ელემენტის დამყარებას მოითხოვს, უფასურია.
არსებობს მხოლოდ ორი განხორციელებადი უსაფრთხოების გარანტია: 1) NATO-ს მეხუთე მუხლი ან 2) ხელშეკრულება, რომელსაც აშშ-ს კონგრესი მიიღებს. ამის მიღმა ნებისმიერი რამ უბრალოდ ბუდაპეშტის მემორანდუმი 2.0 არის, სრულად შეუსრულებელი და ცარიელი პირობა, რომელმაც უკრაინაში შეჭრა განაპირობა და მომავალში უკრაინის დანგრევას გამოიწვევს.
უკრაინის სამხედრო ძალის ნებისმიერი "იძულებითი შემცირება" ნიშნავს NATO-ს, ევროპისა და აშშ-ს ჯარებისთვის სამომავლოდ გაზრდილ ზეწოლას, რისკსა და საფრთხეს
რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარება, როგორც "რუსეთის ტერიტორია" და უკრაინისთვის ალიანსებში გაწევრიანების არჩევის თავისუფლების ოფიციალური შეზღუდვა ამერიკის ისტორიაში პირველად შექმნის სუვერენულ ქვეყანაში შეჭრისთვის დიქტატორის დაჯილდოებისა და უსამართლოდ შეჭრილი მსხვერპლი ქვეყნის ოფიციალურად დასჯის პრეცედენტს. რა საშინელი პრეცედენტია ეს. რა საშინელი გზავნილია". - წერს ფიცპატრიკი.
ცნობისთვის, ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ დელეგაციებმა "პროგრესს" მიაღწიეს და სამშვიდობო წინადადებაში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე მუშაობენ. პარალელურად, ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და უკრაინული დელეგაციის წევრმა, ანდრეი ერმაკმა ასევე დაადასტურა, რომ მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ "უკრაინის "ლიდერებს"" აშშ-სთვის "ნული მადლიერება აქვთ გამოხატული და ევროპა რუსეთისგან ნავთობის ყიდვას განაგრძობს".
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მედიაში აშშ-ს მიერ რუსეთ-უკრაინისთვის შეთავაზებული 28-პუნქტიანი ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" გავრცელდა, რომელიც კიევის მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ დათმობაზე წასვლას, მათ შორის, ტერიტორიების დათმობასა და NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას, ითვალისწინებს.
მოგვიანებით ამერიკელმა სენატორებმა თქვეს, რომ მარკო რუბიომ მათთან სატელეფონო საუბრისას უარყო, რომ აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ს "სამშვიდობო გეგმა" იყო და განმარტა, რომ გავრცელებული პუნქტები ფაქტობრივად რუსეთის "სურვილების სიას" წარმოადგენდა. თუმცა, მალევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სენატორების განცხადება უარყო, ხოლო მარკო რუბიომ X-ზე სენატორების განცხადების საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი განცხადება გაავრცელა.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისადმი აშშ-ს მიერ წარდგენილი 28-პუნქტიანი ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" არ წარმოადგენს აშშ-ს საბოლოო წინადადებას. რეპორტიორის კითხვაზე, არის თუ არა უკრაინისთვის აშშ-ს მიერ წარდგენილი "სამშვიდობო წინადადება" საბოლოო, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ "არა".
21 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლლეობას სიტყვით მიმართა და აცნობა, რომ ახლა უკრაინა "ისტორიაში ურთულესი მომენტის" წინაშე დგას. " უკრაინა შესაძლოა, ძალზე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან დაკარგოს ღირსება, ან გარისკოს მთავარი პარტნიორის დაკარგვა." - დაამატა მან.





