უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში უკრაინული დელეგაციის ცნობების მიღების შემდეგ დაწერა, რომ აშშ-ს სამშვიდობო წინადადებებმა შეიძლება მოიცვას "რიგი ელემენტები, რომლებიც უკრაინულ ხედვებს ეფუძნება და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია".
ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
"უკრაინული დელეგაცია დღეს ჟენევაში ომის დასასრულებლად, მშვიდობის აღსადგენად და გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესრულებადი გამოსავლის საპოვნელად მუშაობს. პირველი შეხვედრებისა და საუბრების შედეგების შესახებ გუნდის მოკლე ანგარიშები უკვე მოვიდა. ამჟამად არსებობს გაგება, რომ ამერიკულმა წინადადებებმა შესაძლოა მოიცვას რიგი ელემენტები, რომლებიც უკრაინულ ხედვებს ეფუძნება და უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გრძელდება შემდგომი მუშაობა იმისთვის, რომ ყველა ელემენტი ნამდვილად ეფექტიანი იყოს და მთავარ მიზანს აღწევდეს, რომელზეც ჩვენი ხალხი იმედს ამყარებს, რომ სისხლისღვრასა და ომს წერტილი საბოლოოდ დაესვას". - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ "უკრაინის "ლიდერებს"" აშშ-სთვის "ნული მადლიერება აქვთ გამოხატული და ევროპა რუსეთისგან ნავთობის ყიდვას განაგრძობს".
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მედიაში აშშ-ს მიერ რუსეთ-უკრაინისთვის შეთავაზებული 28-პუნქტიანი ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" გავრცელდა, რომელიც კიევის მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ დათმობაზე წასვლას ითვალისწინებს. მოგვიანებით ამერიკელმა სენატორებმა თქვეს, რომ მარკო რუბიომ მათთან სატელეფონო საუბრისას უარყო, რომ აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ს "სამშვიდობო გეგმა" იყო და განმარტა, რომ გავრცელებული პუნქტები ფაქტობრივად რუსეთის "სურვილების სიას" წარმოადგენდა. თუმცა, მალევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სენატორების განცხადება უარყო, ხოლო მარკო რუბიომ X-ზე სენატორების განცხადების საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი განცხადება გაავრცელა.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისადმი აშშ-ს მიერ წარდგენილი 28-პუნქტიანი ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" არ წარმოადგენს აშშ-ს საბოლოო წინადადებას. რეპორტიორის კითხვაზე, არის თუ არა უკრაინისთვის აშშ-ს მიერ წარდგენილი "სამშვიდობო წინადადება" საბოლოო, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ "არა".
21 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლლეობას სიტყვით მიმართა და აცნობა, რომ ახლა უკრაინა "ისტორიაში ურთულესი მომენტის" წინაშე დგას. " უკრაინა შესაძლოა, ძალზე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან დაკარგოს ღირსება, ან გარისკოს მთავარი პარტნიორის დაკარგვა." - დაამატა მან.





