ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

დამნაშავეები დონორები არიან, რომ ეჭვის თვალით ვუყურებთ ყველა ტრანზაქციას - პაპუაშვილი

ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი მანიპულაციას და დეზინფორმაციას უწოდებს, აშშ-ს კონგრესმენების მიმართვას სახელმწიფო მდივან მარკო რუბისათვის, რომ ოცნების "ანტიამერიკულ" რიტორიკაზე საპასუხო ზომები მიიღოს.

წერილში საუბარია ოქტომბერში მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც ის აშშ-ს მთავრობას საგარეო სამსახურის მოქალაქეებისთვის (FSN) "გადახდების" უზრუნველყოფით საქართველოში "რევოლუციის გაღვივებაში სდებს ბრალს".

"ესეც არის მარტივი მანიპულაცია და დეზინფორმაცია, რომელსაც უბრალოდ იმიტომ, რომ ძალა აღმართს ხნავს, იტყვის ვინმე უცხო დედაქალაქში და ცალფეხზე მდგომი მათი აქაური აქტივისტები უბრალოდ ავრცელებენ ბრმად. სინამდვილეში ყველას გვახსოვს რა ისტორიაზე იყო საუბარი, არავის არ უთქვამს საელჩოს ადგილობრივი თანამშრომლების საპენსიო ფონდთან დაკავშირებით პრეტენზიები. რაც შეეხება სხვა დიდი მოცულობის გადარიცხვებს, რაც ხორციელდება სხვა ქვეყნებიდან საქართველოში, ბოდიში, USAID ჩვენ დავხურეთ თუ ახალმა ადმინისტრაციამ დახურა?!" - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართველი ხალხი "ეჭვის თვალით" უყურებს ყველა ამგვარ ტრანზაქციას და ამაში დამნაშავე ის დონორები არიან, რომლებმაც "სახელი გაიფუჭეს". 

"ის, რომ ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ ნებისმიერ ასეთ ფულად ნაკადს საქართველოში, ამაში დამნაშავე არიან ის დონორები, რომლებმაც სახელი გაიფუჭეს, ნებისმიერ ასეთ თანხის ნაკადის მოძრაობას ქართველი ხალხი უყურებს ეჭვით. ეს არის სწორედ ევროკავშირის ელჩის, სხვადასხვა ქვეყნის ელჩების და დონორების დამსახურება, რომ ისე გაიფუჭეს სახელი, რომ ნებისმიერი ასეთი ტრანზაქცია ქართველ ხალხში განგაშს იწვევს, ხომ არ არის ეს რაიმე თანხები, რაც მიმართულია ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისკენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანა ზუსტად ესაა და მაგიტომაც ვერ შედგა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომ ეს გარედან იყო მხარდაჭერილი, იმიტომაც ვერ შედგა რამდენიმე წინასწარ დაანონსებული რევოლუცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე და ეჭვის თვალით უყურებს ამგვარ ტრანზაქციებს". - ამბობს პაპუაშვილი. 


რადიოთავისუფლებამ 4 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ ტალიაშვილი  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და “ტაილანდიდან რადიკალიზმის დაფინანსების” შესახებ ივანიშვილის სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით “ღრმა შეშფოთება” გამოხატეს.

ივანიშვილის სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ 2 ოქტომბერს სამთავრობო, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში თქვა, რომ "ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, რომელიც არის დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელ მსოფლიოში, ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით, 95-99% შემთხვევაში, ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს"

"ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული". - ირწმუნებოდა მდინარაძე.

კომენტარები