აშშ-ს გავლენიანი კონგრესმენები რესპუბლიკელთა და დემოკრატთა პარტიებიდან სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, მარკო რუბიოს, მოუწოდებენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რათა დაიცვას აშშ-ს ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც ბოლო "ანტიამერიკული ქმედებების" ფარგლებში ქართული ოცნების მაღალჩინოსნები უსამართლოდ იღებენ მიზანში. წერილის ტექსტს Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
"საქართველოს ხელისუფლებამ, ქართული ოცნების ხელმძღვანელობით, არაერთხელ გამოთქვა სურვილი აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობის აღდგენის შესახებ, თუმცა მათი მუდმივი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროს მიანიშნებს." - ვკითხულობთ რუბიოსადმი მიწერილ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე როჯერ უიკერი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ჯონ კურტისი, ევროპაში უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე სენატის კომისიის წევრი შელდონ უაიტჰაუსი, ასევე კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი.
წერილში საუბარია ოქტომბერში მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც ის აშშ-ს მთავრობას საგარეო სამსახურის მოქალაქეებისთვის (FSN) "გადახდების" უზრუნველყოფით საქართველოში "რევოლუციის გაღვივებაში სდებს ბრალს".
კონგრესმენების თქმით, მსგავსი "მცდარი დახასიათება" FSN პირებს საფრთხის წინაშე აყენებს. ამასთან, წერილში ხაზგასმულია, რომ აღნიშნულმა განცხადებებმა გამოაჩინა, რომ ქართულ ოცნებას არ უჩვენებია სერიოზული განზრახვა აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობის კუთხით.
წერილში კონგრესმენები მიესალმებიან 6 ოქტომბერს აშშ-ს სახდეპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აშშ-ში საქართველოს ელჩთან შეხვედრის მოთხოვნის თაობაზე. კონგრესმენები ასევე მოითხოვენ, რომ სახდეპმა ქართულ ოცნებას მოუწოდოს, ფორმალურად და საჯაროდ უკან წაიღოს ეს "სახიფათო" განცხადებები.
რადიოთავისუფლებამ 4 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ ტალიაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და “ტაილანდიდან რადიკალიზმის დაფინანსების” შესახებ ივანიშვილის სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით “ღრმა შეშფოთება” გამოხატეს.
ივანიშვილის სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ 2 ოქტომბერს სამთავრობო, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში თქვა, რომ "ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, რომელიც არის დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელ მსოფლიოში, ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით, 95-99% შემთხვევაში, ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს"
"ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული". - ირწმუნებოდა მდინარაძე.





